“დაცინვა და სულში ჩაფურთხება!..” – რატომ არ მოაწერა ენმ-მ ხელი რეზოლუციას

ოთხოზორია-ტატულაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია 106 ხმით მიიღო. როგორც ცნობილია რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

რატომ არ მოაწერა ენმ-მ ხელი და რა არგუმენტები მოაქვთ მოძრაობის წევრებს? ამ კითხვით ენმ-ს წევრს, ეკონომიკის ექსპერტს დავით ნებიერიძეს დავუკავშირდით.

-ევსაქებისა და ქოცების მიერ ერთობლივად გამომცხვარ რეზოლუციას, ოთხოზორია-ტატულაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელი არ მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. რაც, ბევრნაირი სპეკულაციის საბაბი გახდა. თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. უბრალოდ მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვებს სვავენ და რომლებსაც პირადად მე პატივს ვცემ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებისა.

ბატონებო, ეს პირადად ჩემი აზრია და თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაგიჩნდებათ, პირადად მე მომმართეთ და არა “ნაციონალურ მოძრაობას”.

პირადად ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში, ძალაუფლების ერთად ერთი ცენტრი, შტო და თვითმპყრობელი არის პუტინის “სტავლენნიკი” და რუსეთის პირსისხლიანი იმპერიის ნარჩენების მეფის ნაცვალი საქართველოში. ამხელა ჩამონათვალი იმიტომ გავაკეთე, რომ არჩევანი გაგიმრავალფეროვნეთ. თორემ ჩემთვის ყველაფერი გაცილებით მარტივადაა – ჭორვილელი ორჯონიკიძე. ამ მტკიცებულებისთვის ის ფაქტიც კი საკმარისია, რომ რუსეთში მილიარდებს გამონაკლისის გარეშე შოულობენ, მხოლოდ პუტინის უახლოესი, ძალიან ვიწრო წრის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად ვალოდია პირადად და უსაზღვროდ ენდობა. ხოლო, ამ მილიარდერებს შორის მხოლოდ რჩეულ რურმოჭრილ მონას ეძლევა ექსკლუზიური უფლება იყოს პუტინის სტრატეგიული პოლიტიკური იარაღის – “გაზპრომის” ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი. ეს უკვე პრემიუმ კლასის ნდობის განსახიერება და პუტინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასების აპოთეოზია.

სხვა დანარჩენი გარემოება, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას უკვე ზედმეტიცაა. ამიტომ, როდესაც ტატულაშვილის, ოთხოზორიას და სხვა ჩვენი საარაკო გმირების სიკვდილში ლეგიტიმურად ვადანაშაულებთ რუსეთს, ავტომატურად ვადანაშაულებთ პუტინს და მის განსახიერებას საქართველოში ბორია ივანიშვილს. შესაბამისად ჩემთვის მკვლელის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც იგმობა მათ მიერვე დათესილი ბოროტება, სისხლისღვრა და ჩემი სამშობლოს შეურაცყოფა არის ფარსი და თვალებში ნაცრის შეყრა. უფრო მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის დაცინვა და სულში ჩაფურთხება. მიუხედავად იმისა თუ რაოდენ პატრიოტული მოტივებითაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი შეფუთული. ამიტომ, ნებისმიერი ჭეშმარიტი პატრიოტისთვის ამორალურია ამგვარ ფარსში მონაწილეობის მიღება. ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემოთავაზებაც კი შეურაცმყოფელია ჩემთვის. იმიტომ, რომ ეს არის მკვლელის მიერ გაკეთებული შემოთავაზება, რომელიც ღირსების აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და ღირსება აჰყარა ჩემს სამშობლოს. ეშმაკის მონანიების პირობაზე თავმდებად დადგომაც კი სულის წაწყმედის ტოლფასია. თუნდაც მეამიტობით გჯეროდეს მისი მონანიების.

გაცილებით უფრო საინტერესოა ევსაქები რა ბენეფიტების იმედად აეფარნენ ბიძინას მახინჯ და პირსისხლიან სახეს? მითუმეტეს, რომ არ არიან ბრიყვები და ძალიან კარგად ხვდებიან ამ დოკუმენტის ქმედუუნარობას.