დავით ნებიერიძე: ”მეშოკში” კატასავით მომწყვდეული ბიძინა ივანიშვილი”

დავით ნებიერიძე

   საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“

  ”ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად ”ფეიკია”. მათი სახელმწიფო პოლიტიკა მთლიანად იმეორებს საბჭოთა კავშირის ხრუშოვისეულ ეპოქას, როდესაც გაჩნდა იდეა: ”2000 წლისთვის ჩვენ შევალთ კომუნიზმში”. ”ქართული ოცნება” მთლიანად იმეორებს ამ პათოსს და გვპირდება, რომ 2030-ში საქართველო გაბრწყინდება (ოღონდ ამ პერიოდის მანძილზე ხელისუფლებაში უცვლელად ”ქართული ოცნება” უნდა იყოსო). მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ორივე ხელისუფლების ლოგიკა მთლიანად მოკლებული იყო რეალურ არგუმენტებს და ხელისუფლებამ ვერ აუხსნა ხალხს თუ რის ხარჯზე და რატომ დადგებოდა ესოდენ ”სანატრელი” შედეგი. გარდა ამისა, ორივე ისტორიულ ეტაპზე ნებისმიერი მოლოდინი აყვანილია რელიგიურ დონეზე. შესაბამისად, მოქალაქეს ან უნდა გწამდეს ამ იდეის და ნეტარქმნილ იყო. ან არ გწამდეს და მიეცე კაეშანს. მაშინ მოსეს როლს ნიკიტა ხრუშოვი ასრულებდა. დღეს კი ბიძინა ივანიშვილი ”გვისრულებს”. როდესაც მიზნის შინაარსობრივი შემადგენელი მთლიანად იდეოლოგიურია, გარდაუვლად დგება სახელმწიფოებრივი კრახი. ეს საბჭოთა კავშირის ისტორიამაც დაამტკიცა. ”ქართული ოცნება” იმიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, რომ არ გავიმეოროთ ამგვარი დასასრული.

   როდესაც უსმენ ”უკეთეს” პრემიერმინისტრს, ან ”2030”-ის ესქსპერტებს, მახსენდება ქართული იგავ-არაკი: ზამთარში საკვების გარეშე დარჩენილ ცხვრის ფარას მწყემსმა ხურჯინში ჩასმული კატა, რომ ჩამოუკიდა ბაგაში და ცდილობდა კატის ჩხავილზე გადაეტანა დამშეული ცხვრის ფარის ყურადღება, რათა დავიწყებოდათ შიმშილის გრძნობა. ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს ”დედოლარიზაციის” თემა საქართველოს მოსახლეობიოსთვის. ხელისუფლების ლოგიკა უაღრესად პრიმიტიულია და ნებისმიერი მათი ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს როგორც ქვეყნის, ასევე უშუალოდ ხელისუფლების მდგომარეობას. ანუ, ხელისუფლება ცუნცვანგის მდგომარეობაშია. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ნებისმიერი მათი აქტივობა მხოლოდ შიდა პარტიული მოხმარებისაა და ორიენტირებულია მხოლოდ ”ქართული ოცნების” ელექტორატზე. მაგრამ, თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, აუცილებლად მივხვდებით, რომ ხურჯინში თავად ხელისუფლებაა გამომწყვდეული – ბატონო ბიძინა, ”მეშოკში” ხართ მომწყვდეული.

   ახლა კი მაქსიმალურად მარტივად შევეცდები არგუმენტირებულად დაგისაბუთოთ ზემოთ გამოთქმული დასკვნების სისწორე. ლარის კურსის კატასტროფული დინამიკა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დამძიმების მიზეზი როდია. ეს არის ”ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის კატასტროფის შედეგი. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეკონომიკური პოლიტიკის არქონის შედეგია.

   ძალიან მარტივად და მოკლედ აგიხსნით რაში მდგომარეობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მეთოდური და განუხრელი დამძიმების მიზეზი: ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რადიკალურად შეიცვალა ორი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრის თანაფარდობა – მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა და ინფლაციის (ფასების დინამიკა) პარამეტრების თანაფარდობა.

   თუ წლების მიხედვით შევადარებთ მშპ-ს და სამომხმარებლო ფასების ზრდის პარამეტრებს, ადვილი მისახვედრია, რომ ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამომხმარებლო ფასების ზრდის მონაცემებს. დასკვნები კი მარტივია: მოსახლეობის შემოსავლები (მშპ) მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის საშუალო სტატისტიკური ხარჯების ზრდას. ანუ, ბოლო წლების მანძილზე მოსახლეობა ზოგადად გაკოტრების გზას ადგას. სამომხმარებლო ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე.

ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით, რომ ინფლაცია ეკონომიკური ზრდის მნიოშვნელოვანი სტიმულატორია. მაგრამ, ამ ფრაზაში არის მნიშვნელოვანი საიდუმლო: თუ ეკონომიკური ზრდა წინ ასწრებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობა იზრდება. ასე ხდებოდა ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც მშპ-ს ზრდა ორნიშნა მაჩვენებელსაც კი შეადგენდა. მაგრამ, თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ჩამორჩება ინფლაციის მაჩვენებელს, ისე როგორც ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაშინ ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობა კატასტროფულად მცირდება.

2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი და შემდგომ მტკიცდება პარლამენტის მიერ. 2016 წლისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 5 პროცენტს, 2017 წლისათვის – 4 პროცენტს, ხოლო 2018 წლისათვის კი – 3 პროცენტს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის 3 პროცენტიანი მაჩვენებელიც კი სანატრებელი გაგვიხდა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის პროგნოზი მომდევნო წლების შემთხვევაში მოქალაქეებს შანსს არ უტოვებს მათი მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ეს არ არის ჩემი ვარაუდი. ეს სამწუხარო ფაქტია.

აქვე უნდა ავღნიშნოთ ის გარემოება რომლის პირობებშიც საქართველოში ეკონომიკური ზრდა, ”ქართული ოცნების” პირობებში ჩამორჩება სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპებს: ეს არის ნავთობზე ფასების არნახული ვარდნა. ამ პერიოდში ნავთობის ფასები 110 დოლარიდან 28 დოლარამდეც კი ჩამოვარდა და როგორ მოახერხა ჩვენმა ხელისუფლებამ 2015 წელს 5,5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლის მიღწევა უბრალოდ გასაოცარია. თუმცა, ჩემი აზრით ზუსტად ამ გარემოების ხარჯზე მიაღწიეს მათ მშპ-ს 3 პროცენტიან ზრდას. თორემ, დიდი ალბათობით ეკონომიკური რეცესია სტატისტიკურ დონეზეც კი გარდაუვალი იქნებოდა.

დასკვნები მარტივია: საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მეთოდურად და კატასტროფულად დამძიმება დღევანდელი ხელისუფლების გააზრებული და ადექვატური ეკონომიკური პოლიტიკის არქონის მიზეზია. ”ქოცური” სტრატეგიით ერთადერთი საშუალება რათა ხელისუფლებამ მოსახლეობაში გაანეიტრალოს საკუთარი მოღვაწეობის გამო მიღებული სახელმწიფოებრივი კრახის ეფექტი, არის ”ფეიკური” პრობლემების წინ წამოწევა და ყველაფრის მათზე გადაბრალება. ზუსტად ასეთ ლევიოფანად წარმოგვიჩინეს საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი და ”სტრელოჩნიკებმა” თითი ეროვნული ბანკისკენ გაიშვირეს. ამავე თემას მიაბეს ლარის კურსის პერმანენტული რყევებიც.

შევეცდები თანმიმდევრული ვიყო და შექმნილი ეკონომიკური მოცემულობის ანალიზით გავაქარწყლო ხელისუფლების ამგვარი უბადრუკი მცდელობა:

ქვეყანაში ეკონომიკურ მოცემულობას ქმნის ხელისუფლება. ეროვნული ბანკი კი მხოლოდ შედეგების ოპტიმიზაციის და რისკების შემცირების ინსტრუმენტია. გარდა ამისა ეროვნული ბანკი უაღრესად შეზღუდულია ამ ასპარეზში. 2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით მონეტარული აგრეგატი, ანუ ფულის მასა (M2) 6 068 030 ათასი ლარია. ხოლო, ქართული ეკონომიკის მოცულობა (მშპ) 2015 წლის შედეგებით 31,69 მილიარდ ლარს შეადგენს. ანუ, ეროვნული ბანკი 31 მილიარდიან ეკონომიკაში ოპერირებს მხოლოდ 6 მირიარდი ლარით. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამგვარ რეალობაში ეროვნული ბანკის შესაძლებლობები უაღრესად მწირია. იგივეზე მეტყველებს ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 70 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რა უნდა ქნას ეროვნულმა ბანკმა, როცა მის განკარგულებაში მხოლოდ 6 მილიარდის ოდენობის ლარის მასა და მაქსიმუმ 3 მილიარდამდე სავალუტო რეზერვებია. ზუსტად ამ გარემოებით სპეკულირებს დღევანდელი ხელისუფლება და საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად ამ გარემოებას ასახელებს. მაგრამ, აღნიშნული აქტუალურია ეროვნული ბანკის ეფექტურობასთან მიმართებაში და არა ხელისუფლების შემთხვევაში. ამიტომ, ხელისუფლებას პირდაპირ უნდა უთხრათ: უზრუნველყავით ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და მნიშვნელოვანი ზრდა. რის შედეგეგადაც გაიზრდება მშპ-ს ხვედრითი წილი ერთ სულ მოსახლეზე. ამავდროულად უზრუნველყავით ეროვნული ვალუტის სტაბილურობაც და აღარავის გაახსენდება დოლარიზაციის მაღალი დონე. ეროვნული ვალუტის სტაბილურობას კი როგორც არაერთხელ მითქვამს, განაპირობებს ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი: საგარეო ვაჭრობის საგადასახადო ბალანსი. რომლის უარყოფითი მაჩვენებელი დღითი-დღე იზრდება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. რომელთა ხარისხი უაღრესად დიდ კითხვებს წარმოშობს; ტურიზმისგან შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა და უცხოეთის ქვეყნებიდან გადმორიცხული ვალუტის მოცულობა. ოთხივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ხელისუფლების პრეროგატივაა და ეროვნულ ბანკთან შეხება პრაქტიკულად არ აქვს.

მოდით მარტივი შეკითხვა დავსვათ: რატომ, არის დლოარიზაციის მაჩვენებელი ესოდენ მაღალი ქართულ ეკონომიკაში? პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ დოლარის მიმართ ნდობა განუზომლად მაღალია, ვიდრე ეროვნული ვალუტის მიმართ. იმიტომ, რომ დოლარი სტაბილური ვალუტაა და მსოფლიო ეკონომიკაში მთავარი გაცვლითი ვალუტის როლს ასრულებს. ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებლის შეცვლას ეფექტური ხელისუფლების პირობებშიც კი მრავალი წელი სჭირდება. ისევე როგორც ლარისადმი ნდობის ამაღლებას და განმტკიცებას. დღევანდელი ხელისუფლება კი თითქოს მიზანმიმართულად იყენებს კონტრ ზომებს. ჯერ იყო და თითქმის 40 პროცენტით დაუვარდათ ლარის გაცვლითი კურსი და რომ გვეგონა ამოვისუნთქეთ და ლარი დასტაბილურდაო, ეროვნულმა ვალუტამ ზუსტად მაშინ დაიწყო წარმოუდგენელი ყირამალების გადასვლა. ასეთი დინამიკის პირობებში როგორ შეიძლება ბიზნესს და მოსახლეობას ლარის მიმართ ნდობის ხარისხი გაეზარდოს. ბიზნესს აქვს უნივერსალური თვისება – ახალი პირობებისადმი შეგუების, ადაპტირების თვისება. მაგრამ, სისტემატურად თუ უცვალე ეს ახალი პირობები, ბიზნესი გარდაუვლად ჩაგაკვდება ხელში.

 ”ქოცური” ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი ნიშანდობლივი სახე, ბატონი მიხეილ დონდუა მოუწოდებს ბანკებს, რომ საკრედიტო პორთფელებში გაზარდონ ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა. ამისთვის აუცილებელი რეზერვირების განაკვეთიც კი გაზარდეს უცხოურ ვალუტის საკრედიტო რესურსებისთვის. სამწუხაროდ ეს ბევდოულათები ელემენტარულ გარემოებებშიც კი ვერ ერკვევიან. მოსახლეობას მოუწოდებენ აიღონ სესხები იმ ვალუტაში რომელშიც შემოსავლებს იღებენ. არც ბანკი და არც კლიენტი არ იტყვის ამაზე უარს, თუ მინიმიზირებული იქნება სავალუტო რისკები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოსთხოვეთ ბანკს მოგცეთ იპოთეკური სესხი ლარში. ზუსტად აქ წარმოიშობა მთავარი კითხვა: რა პროცენტში? მეამიტი ადამიანი იქნებით თუ იფიქრებთ, რომ ლარის კურსის რყევის დღევანდელ პირობებში ბანკი დაგთანხმდებათ იგივე საპროცენტო განაკვეთით მოგცეთ სესხი, როგორც დოლარის შემთხვევაში. თუ იპოთეკურ სესხს მოითხოვთ ლარში, მაშინ სავალუტო რისკების გათვალისწინებით წლიური საპროცენტო განაკვეთი ამგვარი სესხისთვის 35 პროცენტზე ნაკლები ვერ იქნება და ეს საუკეთესო შემთხვევაში. ამგვარი საპროცენტო განაკვეთი კი აპრიორი აბანკროტებს კლიენტს. ანუ, ამგვარი საკრედიტო ურთიერთობები კლიენტსა და ბანკს შორის ფიზიკურად შეუძლებელია, როგორი სატყუარები ან სტიმულირების ”ქოცური” მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. ბიზნესის მთავარი არსი ხომ მოგების მიღებაა. აპრიორი წამგებიან სქემაზე კი ბიზნესი არ წავა და ხელისუფლების ყველა მცდელობა ხელოვნურად შეცვალონ რეალობა საბანკო სექტორის ჩამოშლითა და მოქალაქეთა გარდაუვალი გაკოტრებით დასრულდება.

   ქართული ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი ორგანიზმის ჯანსაღი რეაქციაა ინფექციასთან მიმართებაში, იმუნიტეტის გაზრდის მიზნით. ინფექცია კი ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლების წყარო კი ხალხის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ, რვა ოქტომბერს ინფექციის წყარო უნდა მოვიშოროთ და შემდეგ მივმართოთ სრული ძალისხმევა ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად”.

 

კომენტარის დატოვება