60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 24.33% შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია.

„ამ დროისთვის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 24.33% (11 708 ამომრჩეველი). შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; გარდა ამისა, 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე გააკეთა კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, – „გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვანში, №1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი საკონტროლო ფურცლის გარეშე აპირებდა ხმის მიცემას. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კერძოდ, სანამ პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში, კომისიამ მათ სთხოვა მოცდა. შემდგომ ყველა ამომრჩეველს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება“, -აღნიშნა ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ.