ომბუდსმენი წამლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე კონტროლს აწესებს

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან ფარმაცევტული ბაზრის დაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა. თუმცა სახელმწიფო ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების ხარისხის მაღალი სანდარტებით კონტროლს, რადგან საქართველოში შესაბამისი სტანდარტი არ არის დანერგილი.

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ ჰყავს გადამზადებული GMP ინსპექტორები, რომლებიც შეძლებდნენ ადგილობრივი წარმოების შესაბამისობის დადგენას GMP სტანდარტებთან. თავდაპირველად ნაციონალური GMP-ის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი.“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანნგარიშში, რომელსაც ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს წარუდგენს.

მისივე განცხადებით, სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების და დაცული პირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ფარმაცევტული საქმიანობების: ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, შემდგომი კვლევის, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების, სარეალიზაციო პირობების შემუშავება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.