სლავა მეტრეველი – ქართული ფეხბურთის ლეგენდა

1936 წლის 30 მაისს საყოველთაოდ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, სლავა მეტრეველი დაიბადა.

24 წლისა იყო სლავა მეტრეველი, როდესაც სახელი გაითქვა, თანაც ერთბაშად მთელ მსოფლიოში. სწორედ ის იყო ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალურ მატჩში გატანილი პირველი გოლის ავტორი.

1960 წლის 10 ივლისს პარიზში, „პარკ დე ფრენსის“ სტადიონზე კონტინენტური პირველობის პირველი საფინალო შეხვედრა გაიმართა საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებს შორის.

1960 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეტრეველმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონისა და თასის მფლობელის ტიტულიც დაუმატა. იმ პერიოდში ის მოსკოვის „ტორპედოში“ თამაშობდა, სადაც 6 წელი გაატარა.

მერე კვლავ თბილისში დაბრუნდა და 1963 წლიდან 1971 წლამდე მშობლიური „დინამოს“ შემადგენლობაში თამაშობდა.

მეტრეველის „დინამოში“ მისვლამ გუნდი იმდენად გააძლიერა, რომ უკვე ერთი წლის შემდეგ, არსებობის ისტორიაში პირველად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა. ამ გამარჯვებაში სლავა მეტრეველის წვლილის შეფასება, უბრალოდ, შეუძლებელია. იმ წელს ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.  სეზონის განმავლობაში მეტრეველი ცხრაჯერ ცნეს საუკეთესოდ.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, სლავა მეტრეველი 1998 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.