ახალი დეტალები “მერკვილაძის საქმეში” და სასამართლოს მიერ მასხრად აგდებული მტკიცებულება

ირაკლი მერკვილაძე – პატიმრობაში მყოფი ექიმი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პატიმარი, რომელსაც აქვს კითხვები და ვერ იღებს პასუხებს, ადამიანი რომელიც უამრავი მხარდაჭერისა და არსებული დასკვნების მიუხედავად ისევ გისოსებს მიღმა რჩება!

ირაკლი მერკვილაძის მიმართვა საზოგადოებას საპატიმროდან

მსურს უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით ექიმების მიმართ გახშირებულ, სრულიად გადაუმოწმებელ და ცალმხრივად გაშუქებულ ამბებს გამოვეხმაურო.

ჩემს ხელში იმშობიარა 12000-ზე მეტმა მშობიარემ, აქედან 5000-ზე მეტი მოხდა საკეისრო კვეთის გზით. 34 წელი ვემსახურე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას, თუმცა სასჯელს ვიხდი იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. ჩემი სიმართლის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, კერძოდ ბრალდების ექსპერტიზის დასკვნები, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეროვნული პროტოკოლები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა, თუმცა 2018 წლის 26 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში როგორც მკვლელს ბორკილები დამადეს და დამაპატიმრეს!

სასამართლოზე მე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე პროტოკოლებზე, რომლის მნიშვნელობა არასამედიცინო განათლების ადამიანებისათვის შეიძლება რთულად აღსაქმელია, და მათი უცოდინრობაც გასაგები მომენტია, მაგრამ დაუშვებელია პროტოკოლის შეუფასებლობა იმ ადამიანისგან, ვინც მედიცინაში მოღვაწე პირის ქმედება უნდა შეაფასოს და მის სისწორეზე გადამწყვეტი დასკვნა გამოიტანოს. სასამართლოზე ამ საკითხზე არათუ იმსჯელეს, არამედ ეროვნული პროტოკოლების არსებობა თითქმის მასხრად აიგდეს. -სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში მე დიდი დრო დავუთმე აღნიშნული პროტოკოლების შექმნას მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე. თუ როგორ ვმონაწილეობდი თავად პროტოკოლების შედგენაში საქართველოს წამყვან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად , ასევე აღვნიშნე ის ფაქტიც, რომ უცხოეთის ქვეყნებში პროტოკოლები იქმნებოდა სასამართლო გარჩევების შემადგენელ ნაწილად, რამეთუ განვითარებულ ქვეყნებში პროტოკოლები მოქმედებს მას შემდეგ, როცა დამტკიცდება ექსპერტებისა და სამედიცინო ასოციაციების მიერ, რადგან იქ, მათ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჩემი საქმის წარმოებისას კი ბრალდებამ ექსპერტად მოიწვია პიროვნება, რომელმაც არ იცის, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლი, არა რეკომენდაცია, არამედ ექიმების მოქმედების განმსაზღვრელი საკანონდებლო აქტია. უპირველესად განსასჯელად გაგაცნობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გვამის გაკვეთის შედეგად : ბრალდების მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მშობიარის მიმართ ექიმის მიერ განხორციელებულ ღონისძიებების სისწორეს.

დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ N3 სამშობიაროში, თრომბოემბოლიური და სხვა გართულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად. ვიოლეტა მატინოვას მიმართ. ჩემს მიერ ჩატარებულ საექიმო ღონისძიებების სისწორეს ადასტურებს ასევე საქმეში არსებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“დასკვნა მედიცინის დოქტორის, ანგიოლოგის ფარღალავას მსჯელობა: „პაციენტთა რისკ-ფაქტორების შკალის მიხედვით ვ.მატინოვა მიეკუთვნებოდა ვენური თრომბოზის (თრომბემბოლიის) განვითარების საშუალო რისკის ჯგუფს, რადგან მას ჰქონდა მხოლოდ ორი რისკ-ფაქტორი: სხეულის მასის ინდექსი-30კგ/მ2 და გეგმიური საკეიერო კვეთა. აქედან გამომდინარე, მას სწორად ჩაუტარდა ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა“.

პაციენტის საოპერაციოდ მომზადების შემდეგ, ჩაუტარდა ოპერაცია საკესრო კვეთა, „საკეისრო კვეთის“ პროტოკოლის მიხედვით, გართულებების გარეშე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, მელოგინე მე-4 დღეს, ახალშობილთან ერთად, გაეწერა ბინაზე, დამაკმაყოფილ მდგომარეობაში, შესაბამისი რეკომენდაციებით. ბრალდების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში წერია: ,,ისტორიაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე ვ.მატინოვას გაწერა კლინიკიდან 10. 01 ში იყო შესაძლებელი“ ანალოგიურ დასკვნას დებს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ოპერაციიდან მე-7 დღეს პაციენტი მოვიდა კლინიკაში, გაისინჯა, მოიხსნა ნაკერი. ჭრილობის შეხორცება მიმდინარეობდა გართულებების გარეშე. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა, მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე დაიწყეს გაიდლაინების და პროტოკოლების შექმნა, რაც ყველა ექიმს აძლევს საშუალებას, უმკურნალოს პაციენტს მედიცინის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით .ჩვენს ქვეყანაშიც. ”იუსაიდის” და ”ჯიესაის” ორგანიზაციების დახმარებით, შეიქმნა პილოტური პროგრამა და გადაწყდა დაწერილიყო ეროვნული პროტოკოლები დედათა და ბავშვთა სფეროში, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწვია როგორც უცხოელი ექსპერტები ისრაელიდან, ასევე ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები მთელი საქართველოს მასშტაბით, კერძოდ დავით დავარაშვილი-აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ევგენია თავაძე-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვერა ბაზიანი -აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თამარ ანთელავა-აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თენგიზ ასათიანი-სრული პროფესორი, კოტე ბოჭორიშვილი-აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ლევან ბეჟანიძე-აკადემიური დოქტორი მედიცინაში, მაკა ჩიქოვანი-აკადემიკოს ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, მამუკა ნემსაძე-აკადემიკოს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის სამეანო განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ კინტრაია- მედიცინის მეცნიერთა დოქტორი, სრული პროფესორი, ოლეგ სინაურიძე-საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაციის წევრი, პლატონ მაჭავარიანი-თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. და მათ შორის, თქვენი მონა მორჩილი ირაკლი მერკვილაძე. აღნიშნულის შემდეგ პირველ რიგში დაიწერა პროტოკოლები იმ მიმართულებით რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ,როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც.

კერძოდ ესენია:

1.ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვა.

2.ინსტრუმენტული საშოს მხრივი მშობიარობა.

3.ნაყოფის მხრების დისტოცია.

4.საშვილოსნოს გარე ორსულობა.

5.მშობიარობის შემდგომი ცხელება.

6.თრომბოემბოლიზმის პრევენცია. ანტენატალურ და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

7.პრეკლამსიის და ეკლამფსიის მართვა.

8.ნაადრევი მშობიარობის პრევენცია და მართვა.

9.საკეისრო კვეთა.

10.ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტა.

11.პრეგესტაციული დიაბეტის მართვა.

12.გესტაციური დიაბეტის მართვა.

13.მკვდრადშობადობის მართვა.

14.მშობიარობის დროს ნაყოფის გულისცემის ელექტრონული მონიტორინგი.

15.სანაყოფო გარსების მშობიარობის დროს მარალი გახევა.

16.ჭიპლარის გამოვარდნა.

17.მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა.

18.ანტენატალური მეთვალყურეობა.

მინდა აღვნიშნო ისიც , რომ პარალელურად ჩვენთან მუშაობდნენ საქართველოს წამყვანი პედიატრები და ნეონატოლოგები, რომლებმაც ასევე თავის სფეროშიც შეადგინეს ეროვნული პროტოკოლები არ გადავაჭარბებ და ეს იყო ნამდვილი ეროვნული საქმე, რომელიც ეხებოდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელ მომავალს. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეროვნული პროტოკოლები მოქმედებს მას შემდეგ, როცა მას დაწერენ ექსპერტები და დაამტკიცებს ექიმთა ასოციაცია.

ჩვენი ქვეყნაში სწრაფად რომ მომხდარიყო მათი დანერგვა, ექსპერტების ერთსულოვანი თხოვნა იყო, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განეხილა ისინი. ძალიან ოპერატიულად მოხდა და ყველა დაწერილი პროტოკოლი დამტკიცებულ იქნა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით და განთავსდა სამინისტროს საიტზე. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა, ხსენებული პროტოკოლების ადაპტაციის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ექიმებისა და ექთნებისათვის ჩაატარეს ტრეინინგები, რათა სწრაფად მომხდარიყო პროტოკოლების დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში.

დღეისათვის უტყუარად დადასტურებული ფაქტია ,რომ პროტოკოლების დანერგვამ სასიკეთო შედეგები გამოიღო და საგრძნობლად შემცირდა გართულებები როგორც ორსულებსა და მელოგინეებში ,ასევე, ახალშობილებშიც . ამას დაემატა საკმაოდ წარმატებული რეგიონალიზაციის პროგრამა ,რაშიც ძალზედ დიდი წვლილი და დამსახურება მიუძღვის მინისტრის მოადგილეს…

…და ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ , დაუშვებელია პროტოკოლის შეუფასებლობა იმ ადამიანისგან, ვინც მედიცინაში მოღვაწე პირის ქმედება უნდა შეაფასოს და მის სისწორეზე გადამწყვეტი დასკვნა გამოიტანოს და გაასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოზე ამ საკითხზე არათუ იმსჯელეს, არამედ ეროვნული პროტოკოლების არსებობა თითქმის მასხრად აიგდეს.

მაია ცომაია