საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 38%-ით გაიზარდა

ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანული ინვესტიციების ოდენობა ჯამურად 26.98 მლნ. აშშ დოლარია.

ირანული ინვესტიციით, სოფელ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური კომპლექსი უნდა აშენდეს. ნედლი ნავთობის მიწოდება მოხდება ირანის ორი საბადოდან. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 1,5 მლრდ აშშ დოლარი და მან 800 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი კომპანიამ GEOPARS-მა უნდა განახორციელოს.

სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი.

ექსპორტმა შეადგინა 76 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. ასევე აღინიშნა, რომ ზრდადი ტენდენციაა შენარჩუნებული 2018 წლის პირველ კვარტალშიც – სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, 34 პროცენტი და 28 პროცენტი შეადგინა.

2017 წელს საქართველოდან ირანში ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს: ცხვრის ხორცი, ხე-ტყის მასალა, ფეროშენადნობები, სინთეზური მონოძაფები, შოკოლადის ნაწარმი, შემკვრელი ნივთიერებები, საბურავები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. 2017 წელს ირანის ბაზარზე ახალი საექსპორტო პოზიციებია: კენკროვანი ხილი, პროფილებად დახერხილი ხე-ტყე და დაუმუშავებელი ტყავი.