ბაღების სააგენტო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინვენტარს შეისყიდის

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის. 43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა და ამჟამად შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ამასთან, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.

ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, ბაღები სრულად აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება.