ანა სუბელიანი: მემორიალზე ცეკვა ჩემთვის თავისუფლების აქტი იყო

პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალზე ერთ-ერთი მოცეკვავე ანა სუბელიანი ამბობს, რომ მისთვის მემორიალზე ცეკვა თავისუფლების აქტი იყო და ვერ წარმოიდგენდა თუ ამას ვინმე შეურაცხყოფად მიიღებდა. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ანა სუბელიანის თქმით, პარლამენტთან მისული ადამიანები იმ ბრძოლას აგრძელებენ, “რასაც ჰქვია 9 აპრილის ბრძოლა”.

“დღეს დილას თვალი გავახილე თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას იმის გამო, რომ გუშინ ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმდენად სუფთა გულით და სუფთა ემოციით გავაკეთე ეს. მეგობრებო, თქვენ მოგიწოდებთ, ვინც ამ მონუმენტთან დგახართ, დაფიქრდით, იქნებ სხვაგვარად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს, არ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ვდგავართ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია 9 აპრილის ბრძოლა. ჩემი თანამოქალაქეები, მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, იბრძოდნენ იმისთვის, რომ გვქონოდა ქვეყანა დღეს როგორიც გვაქვს და კიდევ უფრო უკეთესი გვქონოდა. სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გთხოვთ ნუ შეგვიშლით ხელს”, – თქვა ანა სუბელიანმა.

საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილე ერთ-ერთი გოგო საცეკვაოდ 9 აპრილის მემორიალზე ავიდა. „ფეისბუკის“ მომხმარებლების ნაწილმა ეს მემორიალის შეურაცხყოფად აღიქვა. გუშინ მომხდართან დაკავშირებით, დღეს 9 აპრილის მემორიალთან მცირედი შელაპარაკება მოხდა.

თბილისში მასშტაბური აქცია ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.