შსს: დღეს 100-მდე ადამიანი დააკავეს და გამოკითხეს

დღეს დაკავებულთა და გამოკითხვაზე გადაყვანილთა რაოდენობა 100-მდე ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 100-დან ნაწილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ნაწილი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ეს განცხადება შსს-ის წარმომადგენელმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გააკეთა, სადაც ლგბტ პირებისა და მათი უფლებების დამცველთა შეკრება იგეგმება.

“შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან ვინც დღეს აქ მოსვლას გეგმავს ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ დღეს თავიანთი აზრი” განაცხადა თოლორაიამ.

ამ წუთებში პარლამენტთან ხალხი იკრიბება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ლგბტი თემის წევრთა ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავს.