სარალიძე 4 ივნისს ოპოზიციასთან ერთად პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ხვალ, 4 ივნისს, 14:00 საათზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. სარალიძის თქმით, შეხვედრა მთავრობის ადმინსიტრაციაში გაიმართება და მასთან ერთად შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრებიან.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის გადადგომა იქნება და თუკი ეს მოთხოვნა 1 კვირაში არ შესრულდება, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს მასშტაბური აქცია დაიწყება, რომელსაც რეგიონებიდანაც დაესწრებიან.

სარალიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის მიუხედავად, აქციები არ შეჩერდება და შეჯრებები პარლამენტთან ყოველდღიურად გაგრძელდება.

პრემიერთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინსიტრაციაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

სარალიძე რუსთაველზე კუპრავას აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოითხოვა.

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. აქციაზე როლანდ ახალაია და მურთაზ ზოდელავაც  მივიდნენ.

პარალელურად პოლიტიკოსების გარეშე აქცია ვაკის პარკში მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ ესწრება.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.  პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.