მოხედეთ, ბატონო ბიძინა, ხაშურს, თორემ გაგატანთ ჩვენს თვითდაჯერებულ , პატივცემულ გამგებელს!

”რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. ბევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, რომელიც კბილებით გავიტანეთ და ბევრს არ უნდოდა. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ, არავის არ ესმის, თან ამ დროს არ იცის, ასეთი შემთხვევები ბევრია. ჩემი პოზიცია უნდა აიტანოთ – თუ გინდა რომ ისწავლო, საიდან გინდა მოიყვანო ამდენი გამგებელი და მცოდნე უეცრად? ეს გამოცდილება რეგიონებში არ იყო, მაგრამ თუ გვინდა რომ იყოს მომავალში, ამ უბედურებასაც ვიტანთ დღეს ჩვენ და ასეთ სიტუაციებში ვმართავთ და რეიტინგებში გვაქვს მაქსიმალური შედეგი, მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა. რა თქმა უნდა, ეს სირთულეები არის, ობიექტური სირთულეებია“-ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ ასეთი შეფასება გააკეთა მან ჟურნალისტებთან საუბარში, თუმცა ხაშურის მოსახლეობას სულაც აღარ უნდა „უმოქმედობის ატანა“ და დაცდა უკეთესი მომავლის იმედით. ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე წლებია გამგეობისგან სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციას და სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ. მათ პროტესტს იწვევს ისიც, რომ არ არის მოწყობილი სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი წვიმის შემდეგ სოფლის დიდი ნაწილი იტბორება, მოსახლეობა ამბობს, რომ მომავალ არჩევნებზე „ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს და იმედოვნებენ, რომ არსებული გამგებელიც შეიცვლება და ოდესმე მაინც მივა რაიონში ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოუსმენს ხალხს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობასთან კონტაქტი აქვს და სოფელში არსებული პრობლემები წლის ბოლომდე მოგვარდება.

-„ეს არის დიდი ხნის წინ გაკეთებული პროექტი, რომელშიც შესაძლებელია რაღაც ხარვეზები იყოს დაშვებული, ამას ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ამ დროისთვის მუშაობს ინფრასტრუქტურის სამსახური და უახლოე პერიოდში მოგვარდება პრობლემები. მე ავუხსენი ეს მოსახლეობას და ჩვენს შორის პრობლემები არ არსებობს. მე პატივისცემით ვეპყრობი ამ ხალხს, რადგან თვითონაც პატივისცემით მექცევიან“-აცხადებს გამგებელი. „პატივისცემა“ პრობლემებს ვერ აგვარებს, ალბათ ამიტომაც არ სჯერა მოსახლეობას მორიგი დაპირების. ისინი ამბობენ, რომ უამრავი განცხადება აქვთ დაწერილი, მაგრამ არც სურამის და არც ხაშურის გამგეობა რეაგირებას არ ახდენს. -„ხაშურში მალე აჯანყება დაიწყება , გამგებელი ასე ატყუებს ხალხს. ტკბილი სიტყვით იშორებს მუდამ. შედით და ნახეთ რამდენი განცხადებებია შემოდებული თაროზე. პატრონი არ ჰყავს ხაშურს. ფულის შოვნაზე არიან გადასულები ყველა. მოხედეთ, ბატონო ბიძინა, ხაშურს, თორემ ხაშურიდან გაგატანთ ჩვენს თვითდაჯერებულ , პატივცემულ გამგებელს, რომელსაც გვერდით ბევრი კორუმპირებული უდგას. ამათ ერთი რამ არ ეშლებათ-ფულის შოვნა, თვლა, ქეიფი და დროსტარება “-ამბობს მოსახლეობა.

აი, აქ ისევ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გვახსენდება მუნიციპალიტეტების გამგებლებზე რომ სთქვა:-„რა თქმა უნდა, აკლიათ კვალიფიციკაცია, შეურაცხყოფად არ მიიღონ, მაგრამ უმრავლესობას მაინც მართვის გამოცდილება არ აქვთ და მით უმეტეს, ეკონომიკა არ იციან კარგად“, თუმცა ყოფილი პრემიერი ქვეყანაში კორუფციის არებობას გამორიცხავს და იმასაც ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მთავრობა ჭეშმარიტად ხალხის სამსახურში იმყოფება.

-„ჩვენ გავაკეთეთ ოპტიმალური არჩევანი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხალხი ობიექტურად განაწყენებულია და ძალიან ბევრი გმობს იმ არჩევანს, რაც გააკეთა ჩემს დროსაც და აკეთებს დღესაც ხელისუფლება, რომ უკეთესნი გარეთ დარჩნენ, შეცდომებიც ალბათ იყო, მაგრამ ოპტიმალური არჩევანი, მე არ ვამბობ საუკეთესო, ოპტიმალური არჩევანი ჩატარდა, ესაა ჩვენი საზოგადოება, ესაა ჩვენი დონე განვითარების, ამას უნდა შეფასება. მარტო მთავრობისგან რომ მოვითხოვოთ და ვურტყათ მთავრობას და ვცემოთ, არაფერი არ გამოვა ამისაგან. დღეს არის მთავრობა ჭეშმარიტად ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობა. ადრე მთავრობა გვყავდა, რომელიც გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, და თანაც რანაირად გვიმსახურებდა, რა პირობებში. დღეს გვყავს მთავრობა, ჩემი აზრით ძალიან ცუდ პირობებში ჩაყენებული მთავრობა და მოთმენის დონეზე არიან ძალიან ბევრნი. ამასაც დაბალანსება უნდა, მაგრამ დღეს არის მთავრობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს და ხალხს უსმენს და ვერავინ ვერ იტყვის რომ კორუფციაა”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password