გავიცნოთ ულამაზესი სვანეთის უნიკალური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები

დავით დოლიძე 

სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ. სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები.

მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.

ყოველგვარ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.

ერთ-ერთი ასევე ძველისძველი ტრადიციაა: “სისხლის აღება”. სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ.

ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.

ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.

დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფ. ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში ქალი ყოველთვის მამაკაცის გვერდით იდგა და მუშაობდა. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.