ვემსახურები საქართველოს! – ფიცის დადების ცერემონია

საქართველოს  შეიარაღებულ ძალებს 87  სამხედრო მოსამსახურე შეემატა.  წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია  პირველი ქვეითი ბრიგადის  საველე საწვრთნელ  ბაზაზე,   სოფელ ხცისში გაიმართა.   სამხედრო მოსამსახურეებს  ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე  საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა. მან  წვევამდელებს სიტყვით მიმართა,  წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. დღესვე  წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადაეცათ.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა   საწყისი  საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს.  საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ   ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული  უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ჯარისკაცები  პირველ  ქვეით ბრიგადაში  9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.