ქალის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება

ახალი პროექტი
მედიაცია
ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია (www.wra.org.ge) დაფუძნდა 2008 წლის 16 ივნისს სამეანო–გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ვენუს ჯორჯია”–ს ბაზაზე (www.venusgeorgia.ge) . დაფუძნების დღიდან ასოციაცია ახორციელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობას. მუდმივად ტარდება ტრენინგები ექიმებისთვის და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის თემებზე, რომელიც ეძღვნება რეპროდუქციული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს.
მანანა აბულაძე
ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან–გინეკოლოგი
ასოციაციის მიერ შესრულებულია 3 სამეცნიერო შრომა:
• აბორტის შემდგომი პერიოდის მართვა
• საშვილოსნოს გარე ორსულობის ქირურგიული მკურნალობის შემდგომი პერიოდის მართვა
• მკვდრადშობადობა: საქართველოს რეალობა და გამოწვევები
2012 წელს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ განახორციელა პროექტი “ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა”. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტიობები:
2012 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ”–ში ჩატარდა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმი თბილისიდან და რეგიონებიდან, აგრეთვე მოწვეული სტუმრები რუსეთიდან, ნორვეგიიდან და სასომხეთიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო–ს (IWAG), არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალი თაობის ხალხი” (NPG) და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
2013 წლის 26 იანვრიდან 15 მარტამდე ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ტრენინგები:
• ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა
• აბორტის შემდგომი რეაბილიტაცია
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
• ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება
• ახალშობილი და საკეისრო კვეთა
• ჩასახვის ფსიქოლოგია
• საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვა
• ჰეპატიტები და ორსულობა
ტრენინგებს დაესწრო 500 სტუდენტი, რეპროდუქციული ასაკის ქალი და სხვადასხვა სპეციალობის ექიმი.
2013 წლიდან ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია გაწევრიანდა მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსში.
2015 წლის 13 ივნისს სასტუმროში „ძველი თბილისი“ ჩატარდა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნა ქალთა რეაბილიტაციისა და პერინატალური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. განხილულ იქნა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევის მონაცემები და აგრეთვე მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის მიერ შესრულებული კვლევების შედეგები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრალიიდან, ჰოლანდიიდან და ლიტვიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მეანობა–გინეკოლოგიაში, ეპიდემიოლოგიასა და მორფოლოგიაში.
კონფერენციაზე განხილულ იქნა დღეისათვის აქტუალური საკითხები: მკვდრადშობადობის გამომწვევი მიზეზები, მკვდრადშობადობის შემდგომი პერიოდის მართვა, შემდგომი ორსულობის დაგეგმვა, მშობელთა კონსულტირება, პერინატალური აუდიტი, მკვდრადშობადობის ფსიქოემოციური ასპექტები და ფსიქო–რეაბილიტაციის მნიშვნელობა.
2016-2017 წლებში ჩატარდა ტრენინგები „ქალის ჯანმრთელობა დღეს“, რომელსაც დაესწრენ სტუდენტები და რეპროდუქციული ასაკის ქალები. ტრენინგი მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: ქალის რეპროდუქციული ფუნქცია, ანტენატალური კლასების (მშობელთა სკოლის) მნიშვნელობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები, წარმატების ფსიქოლოგია.
2014 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია აღნიშნავს გახსენების საერთაშორისო დღეს. ვიწვევთ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი. ღონისძიების მიზანია ერთად დავძლიოთ ის დიდი ტკივილი, რომელიც ყველას გვაწუხებს, დავამარცხოთ მკვდრადშობადობის საკითხის გარშემო არსებული სტიგმა და ტაბუ.
2018 წლის ოქტომბერში ასოციაციას 10 წელი უსრულდება. ამ წლების განმავლობაში მუდმივად ტარდებოდა სამეცნიერო კვლევები და ტრენინგები, რომლებიც მიმართული იყო ქალის ცხოვრების ხარისხის და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ.