,,ოქროს შვილიშვილმა” ბრაზილიიდან დაურეკა, პაპას მეორე დღეა, სიხარულისგან ეტირება…

ოლიმპიური ჩემპიონის პაპა სოფელ ნადარბაზევში ცხოვრობს. შვილიშვილის, ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვებას ტელევიზორში, ახლობლებთან ერთად, უყურა.

მეორე დღეა, სიხარულისგან ეტირება. ,,ოქროს შვილიშვილმა” პაპას ბრაზილიიდან დაურეკა და მუხლების ოპერაციის გაკეთებას დაპირდა.

თავის დროზე გიორგი ხინჩეგაშვილი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა. სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ, ჭიდაობას თავი დაანება.

გიორგი ხინჩეგაშვილი კომუნისტების პერიოდში გორში გამართულ ერთერთ შეჯიბრს იხსენებს. მცხეთიდან საქართველოს ორგზის ჩემპიონი საჭიდაოდ ჩაუყვანეს.

,,ახალბაღის ტერიტორიაზე გაიმართა შეჯიბრი. დავინახე ორმეტრიანი კაცი, ვიფიქრე, ეს მომერევა-მეთქი და გამოპარვა ვცადე, ღობეზე ვძვრებოდი. ერთი კაცი მუშაობდა მანდ, იმან დამიჭირა ფეხი, მოდი აქ, სად მიდიხარ შე ვირიშვილოო. ეს უნდა წააქციო. მოვუგე ჭიდაობაში, მაგრამ არ ჩამითვალეს, ,,დავერია” არ მქონდა მაშინ” – იხსენებს გიორგი ხინჩეგაშვილი.

პაპისგან შევიტყვეთ, რომ მწვრთნელის ნუგზარ სხირელის დამსახურებაა, რომ ლადოს მამა გია ხინჩეგაშვილი ჭიდაობაზე მიიღეს.

,,ჩემი შვილიც ძალიან კარგად ჭიდაობდა, ჩემპიონიც გახდა. ამხანაგთან ერთად როცა მივიდა სავარჯიშოდ, მწვრთნელებმა დაიწუნეს. გაიხაროს ნუგზარ სხირელმა, მარტო მაგან თქვა, ამისგან კაცი დადგებაო. ლადოს მამა დაიტოვა სავარჯიშოდ, მისი ამხანაგი კი არ მიიღეს” – ამბობს გიორგი ხინჩეგაშვილი.

ლადოს მამას ,,მიულერას” სახელით იცნობდნენ. ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. მისი დაღუპვის შემდეგ, 8 წლის ლადო ხინჩეგაშვილი მამის მეგობრებმა საჭიდაო დარბაზში მიიყვანეს.

  წყარო: qartli.ge

კომენტარის დატოვება