“რუსეთის მხრიდან ეს სანქციები ქართულ-რუსულ ურთიერთობებს საბოლოოდ დაასამარებს!..”

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

-რუსეთში 2017 წელს 52 მლნ ბოთლი ღვინო შევიდა, წელს, 6 თვეში, 48 ქვეყანაში 48 მლნ ბოთლი (21%-ით მეტი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ჯამში 90 მლნ-ზე მეტია.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (24 022 113), უკრაინა (4 191 217), ჩინეთი (2 975 804), ყაზახეთი (1 652 292) და პოლონეთი (1 573 328). ამ პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.
როგორც ხედავთ, 24 მლნ ბოთლიდან რუსეთმა 16 ათასი ბოთლის ხარისხზე აქვს პრეტენზია, რაც მთლიანი მოცულობის 0.06%-ია.
არ მგონია ეს ბევრი იყოს.
რუსეთის მაკონტროლებელი ორგანოს განცხადება მაინც პოლიტიკურ ელფერს ტოვებს.

ზედმეტ აჟიოტაჟს არ ავტეხდი. ბიზნესმა უკვე დიდი ხანია იცის რისკების შესახებ.

რაც შეეხება ექსპერტთა მოწოდებებს ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, არ მიმაჩნია სამართლიანად. არაა ასე მარტივუ ღვინის ბაზრების მოპოვება.

ამის მიუხედავად, უამრავ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი იზრდება: იაპონია – 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი – 134% (30456), ყირგიზეთი 81% (140370), სამხრეთ კორეა – 78% (31650), ნიდერლანდები – 68% (38799), დიდი ბრიტანეთი – 67% (46782), გერმანია – 43% (286054), უკრაინა – 41% (4191217), ყაზახეთი – 42% (1652292), ლატვია – 32% (905982), პოლონეთი – 30% (1573328), რუსეთი – 24% (24022113), ესტონეთი – 22% (294900), ლიეტუვა – 9% (188052), აშშ – 7% (188762) და სხვა.

ახლა რაც შეეხება შესაძლო სანქციებს.

ღვინის ექსპორტის წილი საქსრთველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში არის დაახლოებით, სულ რაღაც 5-6%. აქედან რუსეთზე მოდის 3% ან ოდნავ მეტი.

ანუ, საქართველოს ეკონომიკას რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვა ვერ დაანგრევს. თუმცა მეღვინეობა-მევენახეობას სერიოზულად დაარტყამს.

ამავე დროს, რუსეთმაც უნდა იცოდეს, რომ ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მსგავსი ტრადიციული სანქციები, საბოლოოდ დაასამარებს.

გამორიცხული არაა, რომ ჩვენი ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით.

თუ მსგავსი რამ ხდება, უმკაცრესი სანქციებია გასატარებელუ მათ მიმართ, რადგან ერთჯერადი იოლი მოგების საფასურად, დარტყმის ქვეშ აყენებენ მთელ მევენახეობას და მეღვინეობას.