გივი მიქანაძე ქნესეთის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ქნესეთის გენერალური მდივანი იარდენა მელერ-ჰოროვიცი ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო და საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ახლახან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

იარდენა მელერ-ჰოროვიცმა მაია ხაჯიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხო ვიზიტით ისრაელის ქნესეთში მიიწვია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას ქნესეთის შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატის უფროსი ლეა კრიხელი დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები და საკულტო ნაგებობები მოინახულეს.