ვიცი, რომ მისი კიდევ ერთი გადაკითხვით, დიდ სულიერ სიმდიდრეს მიიღებთ

ჟურნალისტი ლეილა ნოდია სოციალურ ქსელში ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღეს ეხმიანება და წერს:

-„მწერალთა სახლში დღეს რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ, საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე აღინიშნება.
ფბ. მეგობრებმაც წავიკითხოთ ამ ,,ხელი-ხელ საგოგმანები” პოემიდან აფორიზმები. ვიცი, რომ მისი კიდევ ერთი გადაკითხვით, დიდ სულიერ სიმდიდრეს მიიღებთ“.

შოთა რუსთაველი

&
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

&
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი:
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

&
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.

&
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

&
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

&
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.

&
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

&
… ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს.

&
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

&
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების;
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

&
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა;
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

&
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მოსჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!

&
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.

&

სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია!

&
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

&
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

&
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

&
გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.

&
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

&
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ,
რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა;
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

&
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

&
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

&
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

&
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.

&
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

&
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

&
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

&
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

&
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების.

&
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

&
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

&
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

&
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯისისა შემტყვებარი;
მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი!
სხვისი სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

&
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

&
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

&
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

 

კომენტარის დატოვება