ნანა ჯოჯუა: ჩემ შვილს ამოვთხრი და პოლიციასთან მივიტან!

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თვითმკველელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა. საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა უკვე მე-16 დღეა იძიებს.

გარდაცვლილის დედა  ნანა ჯოჯუა  გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ თუ 24 აგვისტოს, 15:00 საათზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ იქნება და წერილში ნახსენები სამართალდამცველის დაკავება არ მოხდება, ცხედარს მიწიდან ამოიღებენ და პოლიციის შენობასთან დაასვენებენ.

“16 დღეა ვითხოვ ჩემი შვილის გამაუბედურებელის დაკავებას. შვილის, რომელიც სამართალდამცველმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. იმის გამო, რომ პოლიციელია, მას ხელს არავინ ჰკიდებს. თუ ხვალ, ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ იქნება, ჩემ შვილს ამოვთხრი და პოლიციასთან მივიტან”– ამბობს გარდაცვლილის დედა.

კომენტარის დატოვება