ვის დაუჭერს მხარს უკანდიდატო პარტია…

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.

კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით მიიღეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა დაასახელა:

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშიანო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ იმას, თუ ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში, მმართველი პარტია კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს იყრის სალომე ზურაბიშვილი.