საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც  კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი და მწვავე შეფასებები მოჰყვა, რის გამოც სასამართლო მოუწოდებს საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას და გამოთქმული კრიტიკა დააფუძნონ დასაბუთებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის 1/3/1282 გადაწყვეტილების მიმართ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოკლებულია საფუძველს და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას.

კერძოდ, მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო და მისი კონკრეტული წევრები 1/3/1282 გადაწყვეტილების მიღებისას დაექვემდებარნენ ზეწოლას. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანას „ლეგალიზაცია“. ეს შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანას მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანას საკითხზე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არა სხვა გარემოებას. 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება კი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანას საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი.

დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსესუსი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე განსხვავებული შეხედულებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას იწვევს. სასამართლო გამოხატავს უდიდეს პატივისცემას განსხვავებული მოსაზრების მქონე საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. ამის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის ამოსავალი წერტილი კონსტიტუციური უფლებების დაცვაა და იგი ვერ დაუშვებს უფლებების დარღვევას საზოგადოებრივი პროტესტის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.