“მამუკა ბახტაძემ თავიდანვე დაისახა მიზნად მთავრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცი…”

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე     

-„პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავიდანვე დაისახა მიზნად მთავრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს პროცესებიც არის მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმის შემადგენელი ნაწილი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ყველაზე უკეთ მოემსახურება.

„უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის სწორი და რომელიც ყველაზე უკეთ მოემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს ამ საკითხზე და ჩვენი მხრიდან რაც იქნება  მხარდაჭერა საჭირო, პარლამენტი ამას უზრუნველყოფს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე – იქმნებოდა თუ არა ერთი ადამიანისთვის კონკრეტული სამსახურები, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის ცუდი პრაქტიკა, რაც არ უნდა იქნას დაშვებული.

„მე ამას ვერ დავადასტურებ. ასეთი რამ, არის, ბუნებრივია, ცუდი პრაქტიკა, რაც არ უნდა დავუშვათ. შესაბამისად, ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.