ზურაბიშვილმა გამოსვლის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებების განმარტებას დაუთმო

პირველი რესპუბლიკის მოედანი ნომერი 6 – ამ მისამართზე დღეიდან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იწყებს მუშაობას. დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებების განმარტებას დაუთმო. პრესკონფერენციის დროს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო.

“რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება ჩემი ცხოვრების მრწამსი და ოცნებაა. მისი დამოუკიდებლობის დაცვა რუსეთისგან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია – ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო.

2008 წელს რუსეთმა დაარღვია ყველა შეთანხმება, რომელშიც აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასდროს შეჭრილა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეხვედრას მმართველი პოლიტიკური ძალა სრული შემადგენლობით ესწრებოდა.