„ეს ხალხის აბუჩად აგდებაა!“ – გადამზიდავების ხმაურიანი აქცია ლილოში

ხმაური იყო  ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან. იმ გადამზიდავებმა, რომლებსაც ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტიორი აეკრძალათ აქცია გამართეს და საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ადგილზე ფინანსთა მინისტრის მისვლას და იმ რეგულაციის გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც გადამზიდავებს ხორბლის სახმელეთო იმპორტი აეკრძალათ.

აქციაზე შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ, რომ ბიზნესის გარეშე დარჩებიან და მას კონკრეტული პირები დაეპატრონებიან, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან.

აქციას არ ჩაუვლია ინციდენტის გარეშე,  სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის.

„დღეს მინისტრმა აბსოლუტურად, ეს ხალხი ჩათვალა არარაობად და არ იკადრა ჩვენთან შეხვედრა. ახლა კეთილი ინებოს, მობრძანდეს ფინანსთა მინისტრი და პასუხი გაგვცეს, ხალხს პასუხი გასცეს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თან კიდევ სამასხარაო დროის გაგრძელება ორი კვირით. ეს უკვე ხალხის აბუჩად აგდებაა. 20 ათასი კაცი მშიერი დატოვა“ – ამბობენ გადამზიდავები.