“ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს…”

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნებისპოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს, კანდიდატი, რომელიც მოემსახურება  კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს  იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს

„ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, მიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები“,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებით უნდა შეფასდნენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

„ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია, სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან და ახლა  დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად,  საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციურ ვალდებულებებს მოემსახურება.

„ამ დამოკიდებულებით ერთმანეთთან და ამ საარჩევნო კამპანიით ერთმანეთთან ქიშპობა ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის და მე პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო: ჩვენ გვაქვს აქ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანია, რომ ქვეყანამ აირჩიოს, ჩვენმა საზოგადოებამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება იმ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს, მაგრამ მე რასაც ვხედავ დღეს და მთელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებში გამოიხატება, ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, რასაც მე ვაანალიზებ, მიზანმიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს.