პალიტრამედიის სტამბაში პროკურატურის შესვლას კობახიძე გამოეხმაურა

პალიტრამედიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“პალიტრამედიის” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ და 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)” მოითხოვეს. ამის შესახებ განცხადებას “პალიტრამედია” ავრცელებს.

ჰოლდინგი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება:

“მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრამედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

“პალიტრამედია” ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ” – ნათქვამია განცხადებაში.

პალიტრამედიას პირველის ეთერში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მედიაგარემოს შესახებ და ტელეკომპანია „იბერიისა“ და „პალიტრამედიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

კობახიძის თქმით, გარკვეული ტელეკომპანიები ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს ქვეყანაში.

პალიტრამედიის სტამბაში პროკურატურის შესვლას, პარლამენტის თავმჯდომარე ჩვეულებრივ სამართლებრივ პროცესს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის აბსოლიტურად გამჭირვალე პროცესი.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესები ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილის საქმეს, კობახიძე ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„საერთოდ არ ვიცი, რა კავშირი აქვს. ერთადერთი მოვისმინე, რომ ნათესაური კავშირი ჰქონია დიმა ქუმსიშვილს კონკრეტულ ხელმძღვანელ პირებთან პალიტრაში. მეტი მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. აქაც იგივეა, ატყდება რაღაც აჟიოტაჟი, სინამდვილეში შევლენ სამართალდამცავი ორგანოები, ყველაფერი არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, შევლენ, დასვამენ კითხვებს. კითხვებს თუ გაეცემა პასუხები, როგორც ეს ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში იქნება ერთი განვითარება. თუ დადგინდება, დანაშაული, ბუნებრივია, გამოვლინდებიან დამნაშავეები“, – განაცხადა კობახიძემ.