13 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის „ომეგა ჯგუფის“ საქმეს ეხმიანებიან.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საზოგადოებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააცნო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.

„ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას.

წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:

კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;

სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას; პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;

ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:

სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს.

მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“-ნათქვამია განცხადებაში.