სუბელიანმა ციხეში თავის მოკლვა სცადა

მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც.

“გუშინ მირზას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. სტრესშია და მისი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 4 თვეა სამარტოო საკანში იმყოფება და მის ფსიქიკაზე ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა,”- განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა ის ასეთივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ჩანაწერია გაკეთებული, უფლებადამცველი ამბობს, რომ სუბელიანი სავარაუდოდ, მაშინაც მძიმე მდგომარეობაში იყო.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა.

უფლებადამცველებისთვის უცნობია იგეგმება თუ არა სუბელიანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.