თუ წყლის ტარიფი არ შეიცვლება, 1 ივლისს ექვსივე აბანო საბოლოოდ დაიხურება

თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ექვსი აბანო, პროტესტის ნიშნად, სამი დღით მუშაობას წყვეტს. მიზეზად GWP-ის მიერ წყლის მომსახურების გაზრდილი ტარიფი სახელდება.

აბანოების მფლობელების თქმით, დაგროვილ დავალიანებას ვერ იხდიან და, შესაბამისად, აბანოების დახურვა უწევთ, ამაში მთავარი დამნაშავე კი, მათივე თქმით, GWP-სთან ერთად,  “საქართველოს ბანკია”,რომელიც წყალმომარაგების კომპანიის აქციებს ფლობს.

აბანოების მფლობელებმა აქციაც გამართეს, აქციაში აბანოების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მომხმარებლებმაც მიიღეს.

აქციაზე ითქვა,რომ თუ აბანოს მფლობელებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ და წყლის ტარიფი არ შეიცვლება, ისინი პირველ ივლისს ექვსივე აბანოს საბოლოოდ დახურავენ.

აქციამდე კი თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეებმა  საგანგებო განცხადება  გაავრცელეს:

-„საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეების სახელით…

იძულებულნი ვართ, მივმართოთ უკიდურეს ზომას – გოგირდის აბანოების ფუნქციონირების შეწყვეტას, რადგან თქვენდამი და შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, პრობლემა არ მოგვარდა და თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში დადგა.  ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,  არ ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და უარს ამბობს მოლაპარაკებაზე.  წლინახევრის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და პრობლემა ცივილური გზით მოგვეგვარებინა.  იმედს ვიტოვებთ, რომ პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გამოაფხიზლებს შესაბამის სტრუქტურებს და მოვახერხებთ პრობლემა ცივილური გზით მოგვარებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ მორიგებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, არგუმენტებით და ციფრებით. ვაცხადებთ, რომ სიმართლეს მოლაპარაკების მაგიდასთან დავამტკიცებთ”.

 

 

კომენტარის დატოვება