“შემაშფოთებელი ამბავი შემატყობინა რამდენიმე წყარომ სასულიერო სემინარიიდან და აკადემიიდან…”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

“მგელს და ცხვარს განსხვავებულად ესმით სიტყვა “თავისუფლება”, სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს”. /აბრაამ ლინკოლნი/

უაღრესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ამბავი შემატყობინა რამდენიმე წყარომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან და აკადემიიდან, რომელიც თეოლოგ გოჩა ბარნოვის პიროვნებას ეხება.

როგორც მაცნობეს, ახლახანს, აღნიშნული სასწავლებლის სტაფი, პედ-კოლექტივი და პროფესურა უშუალოდ რექტორის – პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოთხოვნით შეკრებილა, სადაც განხილვის საგნად ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორისა და საბას უნივერსიტეტის პროფესორის, უკეთილშობილესი და უპატიოსნესი ადამიანის – გოჩა ბარნოვის “პასუხისმგებლობის საკითხი” წამოჭრილა სახელდობრ რექტორის მხრიდან, რომელსაც მარტოოდენ იმის გამო სურს სასულიერო სასწავლებლიდან ხსენებული კვალიფიციური და კომპეტენტური კადრის დათხოვნა, რომ იგი მისივე აზრით “განსხვავებულად აზროვნებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებთან შედარებით”. არადა ვერ ხვდებიან, რომ ის როგორც კანონოლოგი, საკუთარი პროფესიული ვალდებულებიდან და კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე არგუმენტირებულად მსჯელობს და საგნობრივად აყალიბებს ობიექტურ პოზიციას, რომელიც არა პირადად მისი, არამედ ზოგადსაეკლესიო შეხედულება და სულიწმინდისეული განწესებაა.

ძალზე გულდასაწყვეტია, როცა შექმნილი კონიუქტურა და ცენზურა ადამიანებს ართმევს იმ უმთავრეს სულიერ საბოძვარს – თავისუფლებას, რომელიც ღვთივმინიჭებული წყალობაა და არა რომელიმე უწყების ადმინისტრაციის მიერ ნაჩუქარი. მეტად საწყენი პარადოქსია ეს ყოველივე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II დღენიადაგ მოუწოდებს სამღვდელო თუ საერო პირებს, რომ პატივისცენ განსხვავებულ აზრს და უარი თქვან კატეგორიულ მიდგომებზე.

დასანანია, როცა ქრისტოცენტრული დამოკიდებულების, სიყვარულის, ხელშეწყობისა და გულისხმიერების ნაცვლად, შემოქმედი და ინტელექტუალი ადამიანი საეკლესიო სივრცეში აწყდება იმგვარ რეჟიმს, რეპრესიასა და წნეხს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა უსამართლობა, გულგოროზობა და სიცოფე.

ნუთუ მართალი იყო ბალზაკი, როცა ამბობდა: “იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული, სიმახინჯედ ითვლებაო”!

ერთ რამ აუცილებლად უნდა დავძინო: ბატონი გოჩა, არის ადამიანი, რომელიც ათეულობით სტუდენტს ეხმარება საზღვარგარეთულ უმაღლეს სასწავლებლებში მისივე კონტაქტების მეშვეობით თეოლოგიური ცოდნისა და განათლების ამაღლებაში, პიროვნებად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. იმის მაგივრად, რომ ასეთ ჯანსაღ ადამიანებს გაუფრთხილდნენ და მადლიერებით მოეპყრან, ავიწროვებენ და გასასვლელი კარისაკენ უთითებენ. ეს კი სხვა არაფერია თუ არა დიქტატურა, სისტემური მდგენელის ლუსტრაცია და სამომავლო პერსპექტივის დასამარება, რასაც მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება და უნდობლობა მოაქვს მორწმუნეთა გულებში. სირცხვილია ძმანო! ძალიან ვწუხვარ!.. თუმცა, იმედია მავანთა ზრახვანი ვერ განხორციელდება.

ჩემი ქრისტესმიერი მხარდაჭერა და პატივისცემა ბატონ გოჩას! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს იგი!