ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა ძალაში რჩება და საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციამ მუშაობა დილიდან განაახლა. საერთაშორისო ფორუმის მეორე დღე ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკაზე“ საუბრით დაიწყო. სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ წარუძღვა და მას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი მოდერატორობდა.

ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესზე იმსჯელეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა პიტერ ბრუქსმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იშტვან ბალოგმა, გერმანიისა და თურქეთის ელჩებმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა და ფატმა იაზგანმა.

პანელის ყველა მომხსენებელმა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებულ ტრანსფორმაციას გაუსვა ხაზი; აღიარა, რომ ნატოს „ღია კარის“  პოლიტიკა ძალაში რჩება და საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. აღინიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში და დღეს ქვეყანა მზადაა ალიანსში გასაწევრიანებლად, თუმცა რუსეთი და მის მიერ შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლება ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების  შემაფერხებელი მიზეზი არ უნდა გახდეს.

„მხარს ვუჭერ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მოვისმინეთ თქვენი რეფორმების შესახებ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტების შესაბამისია და ეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, გენერალ მატისის წერილითაც დასტურდება. თუმცა, რეალური მიზეზი რუსეთია, რაც ხელს უშლის საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რადგან რუსეთი ახდენს მტრულ მოქმედებებს. მესამე მხარეს არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება. ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური ნების საკითხია, საქართველომ უნდა გააგრძელოს მისი ტრანსფორმაციის წარმატებული გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა პიტერ ბრუკსმა.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართველი სამხედროების მიერ გაწეული დახმარება და განაცხადა: „საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება და ახალი წევრების შეძენა რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. ნატოს გაფართოება ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას ევროპაში“.

ფატმა იაზგანმა თურქეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქამდე უნდა ყოფილიყო ალიანსის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ძალიან სწრაფად უნდა მიენიჭოს.