“სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს”-თურქეთის ელჩი თარხან-მოურავს პასუხობს

  -„თურქეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერია, იგივე პოზიცია აქვს საფრანგეთს. მე 4 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და ზუსტად ვიცი, რომ ეს პოზიცია აქვს საფრანგეთის სახელმწიფოს“-განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხანმოურავმა გადაცემა არჩევანში“.

 პოლიტიკოსის ამ განცხადებას თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რომ ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს:

  -”ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან ”ფეისბუქში” ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს, ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა პატივსაცემი ტელევიზიის ეთერში და თანაც პატივსაცემ გადაცემაში, მინდა ღიად განვაცხადო. საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე. სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. იყო ლაპარაკი ჩვენი ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, თითქოს მან თქვა, რომ გვინდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, რომ თითქოს საქართველოში ქალაქებზე პრეტენზიებიც გვაქვს. ასეთი შინაარსის განცხადება ბუნებაში არ არსებობს. რაც მან თქვა იყო ის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ეს ისტორია დადებითად უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისთვის ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება, პოლიტიკური თანამშრომლობა თუ დიალოგი უსაფრთხოებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ. საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე” – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადება იხ. http://www.geomediatv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0/

კომენტარის დატოვება