„მალე დაიწყება ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და გარდაუვალი გამარჯვება!“

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღად  2 დეკემბერი სახელდება, თუმცა კულუარებში იმასაც ამბობენ, შესაძლოა 25 ნოემბერსაც ჩატარდესო.

პირველი ტურის შემდეგ ისე აქტიურად აღარ ჩანს სალომე ზურაბიშვილი, რაც საზოგადოებაში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს.

ამ საკითხს ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში და ამბობს, რომ „მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს“.

– პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება.

სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში. კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად თარიღი არჩევნების მეორე ტურის. ეს იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და ბუნებრივია, ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ თხოვნა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს მეორე ტურში. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა“ – განაცხადა ჯაშმა.