დღევანდელ ციხეებში არ არის ფაქტები, რომ პიროვნება ნაწამები ან ღირსებაშელახული იყოს

მას შემდეგ, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის, ოთარ ვარამაშვილის გაქცევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ასეთი კომენტარი გაააკეთა: “მის ადგილზე, მეც ასე მოვიქცეოდი”. სწორედ აღნიშნული კომენტარი გახდა სასჯელარსრულების სამინისტროს მიერ ადვოკატისთვის დისწიპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზეზი.

აღნიშნულ თემას შეეხო უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც და განაცხადა, რომ საქართველოს ციხეებში არსებული დღევანდელი ვითარების 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარება არასწორია და წარმოუდგენელია, ვინაიდან მისი თქმით, დღეს ყველა აღიარებს იმას, რომ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა აღმოფხვრილია.

„დღევანდელ ციხეებში რომ 2012 წლამდე არსებული ვითარება არ არის, ეს ფაქტია. არავინ არ დაობს იმაზე, რომ პირობები გაცილებით უკეთესია და პატიმრებს ისე აღარ ეპყრობიან, როგორც 2012 წლამდე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი ვერ დაობენ, რადგან არ არის ფაქტები, რომ პიროვნება ნაწამები ან ღირსებაშელახული იყოს. ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არის“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „არჩევნები 2016“ სტუმრობისას. შესაბამისად, უფლებადამცველის თქმით, საუბარი იმაზე, რომ პატიმარი არასათანადო პირობების გამო გაიქცა, რეალობას არ შეესაბამება.

კომენტარის დატოვება