„თუ ქ-ნ სალომეს არ სურს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა, შეუძლია უარი განაცხადოს პრეზიდენტობაზეც…“

„ათონელის რეზიდენცია გადაეცით  ეროვნულ აკადემიას და ხელი შეუწყეთ  საქართველოში მეცნიერების განვითარებას!“

გიორგი ლილუაშვილი

პარტია “საქართველო”

-საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია აშენდა ქართველი ხალხის ფულით და წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოს, როგორც საქართველოს დროშა და ჰიმნი. ის გარემოება, რომ ახალმა პრეზიდენტმა ადგილსამყოფელი უნდა შეიცვალოს და ავლაბრის რეზიდენცია დატოვოს დაუშვებლად მიმაჩნია, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც რომ, მასში ყველა პირობაა შექმნილი, უმაღლესი რანგის სტუმრების, ღირსეულად დასახვედრად და ეს ქვეყნის იმიჯისათვის მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტი შესაფერისად მაღალ დონეზე უნდა ხვდებოდეს დიპლომატიურ კორპუსს და საპატიო სტუმრებს, სხვა სახელმწიფოების პირველ პირებს. დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვაც კი, რამეთუ ჯერ ქვეყანას არ შესწევს იმის საშუალება უკეთესი რეზიდენცია ააშენოს, უარესში კი ნამდვილად არ გვინდა საქართველოს პრეზიდენტი (ვინც არ უნდა იყოს ის) იმყოფებოდეს, ხვდებოდეს საპატიო სტუმრებს, არასათანადოდ წარმოაჩენდეს საქართველოს და ქართველ ხალხს.

ამიტომ თუ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ სურს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა თავისუფლად შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს პრეზიდენტობაზეც, ხოლო ვინც პატივს სცემს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას და ქართველ ერს, ავირჩევთ თავიდან ღირსეულ პრეზიდენტს!

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას, საქართველოს ეროვნული აკადემია, რომელიც შენობის გარეშეა დარჩენილი, იმას გადაეცეს და ხელი შევუწყოთ საქართველოში მეცნიერების განვითარებას!