“ოქრო 999,9″ – „ოქროს“ ეპითეტივე იქცა ამ ახირების სისრულეში მომყვანად”

13 დეკემბერს 18:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ახალგაზრდა, პერსპექტიული მხატვრის, თეკლა მელაძის გამოფენას მასპინძლობს.

„ჩვენი ამბების“ ექსკლუზივი თეკლა მელაძესთან

გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ახალ მიმდინარეობას გაეცნობა.

-„ 13 დეკემბერს, თქვენს წინაშე მინდა წარმოვადგინო ჩემი შრომის ერთი წლის შედეგი. მხატვრად ქცევის მცდელობის გზაზე, მინდოდა რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რაც არავის შეუქმნია, მაგრამ არ ვიცოდი ეს რა უნდა ყოფილიყო. ვიცოდი მხოლოდ ერთი, რაღაც ახალი, განსხვავებული მინდოდა, მანამდე ჩემს მიერ შესრულებულ ნამუშევრებთან შედარებით. მოკლედ, „ოქროს გასაღები“ უნდა მეპოვა. მალე „ოქროს“ ეპითეტივე იქცა ამ ახირების სისრულეში მომყვანად და ვცადე ნამუშევრის შესრულება ერთ ფერში. 999,9 ოქროს სინჯიც, გადატანითი მნიშვნელობით, შეესატყვისება ჩემს 25 ნამუშევარს, რომელშიც არ მონაწილეობს არც ერთი სხვა ფერი – ფერწერულ ტილოზე დატანილია მხოლოდ ოქროს საღებავი, მხოლოდ ერთი ფერი, თავისი რამდენიმე ტონით. შევეცადე, როგორც საღებავი, ასევე ხატვის სტილიც განსხვავებული ყოფილიყო-ფიგურების უმეტესობაში შეტანილია რელიეფის და ბარელიეფის ელემენტები და ესეც მხოლოდ ზეთის ოქროსფერი საღებავით არის მიღწეული.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩემი ნამუშევრებით. გამეხარდება, თუ ოქროს სერია თქვენს მოწონებას დაიმსახურებს“-ამბობს თეკლა მელაძე.

 

გამოფენა 13 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 15 დეკემბერს დაიხურება.