ინციდენტი ატოცში – პოლიციამ ტენტის დაშლა და უკან 30 მეტრით გადატანა მოითხოვა!

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ მოძრაობის წევრებს პოლიცია არ აძლევს უფლებას, ადრინდელ, შეთანხმებულ რეჟიმში იმორიგეონ საოკუპაციო ზოლთან.

-„არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სიტუაცია უკვე იძაბება – რუსი ოკუპანტები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. პოლიციას მათი დაკავების სრული უფლება აქვს, მაგრამ ამას არ აკეთებს, სამაგიეროდ ჩვენ მივდივართ მათთან ხლოს და დავით ქაცარავა 7 მეტრის დისტანციაში პირდაპირ უხსნის მათ, რომ ოკუპანტები არიან და იმასაც ეუბნება, რომ მავთულხლართებს არ გავავლებინებთ.
ამის შემდეგ პოლიცია გვეუბნება, რომ მომდევნო დღეებში ბოძებთან ოთხი კაცი (რაც ადრე იყო შეთანხმებული) ვერ მივა და მხოლოდ ერთი კაცის ასვლის უფლებას გვაძლევენ, რასაც ვაპროტესტებთ, მაგრამ ასეთი რეჟიმი მორი დღით ითხოვეს და დავეთანხმეთ.
ორი დღე გუშინ გავიდა, მაგრამ პოლიცია ისევ არ გვაძლევს უფლებას, ადრინდელ, შეთანხმებულ რეჟიმში ვიმორიგეოთ საოკუპაციო ზოლთან.
დღეს, 9 დეკემბერს, პოლიციამ კარვის 30 მეტრით გადმოწევა მოითხოვა. მიზეზად ჩვენივე უსაფრთხოება დასახელდა, თუმცა, ვერ მივიღეთ დასაბუთებული ახსნა, რას წყვეტდა 30 მეტრი.
კარვის გადმოწევაზე უარს ვამბობთ. დათო ქაცარავა რთავს ლაივს და ამბობს, რომ ხელისუფლება უკანდახევას გვაიძულებს.
ამის შემდეგ თბილისიდან ჩვენს მხარდასაჭერად წამოსული რამდენიმე მანქანა შაქშაქეთთან. პოლიციის საგუშაგოსთან გააჩერეს და ატოცისკენ არ ატარებენ“-აცხადებს ბერულავა.

საქმე იმაშია, რომ სოფელ ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებს, ადგილობრივმა პოლიციელებმა მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან ახლოს გამართული ტენტის დაშლა და უკან 30 მეტრით გადატანა მოსთხოვეს. ამ ტენტზე აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშები. დავით ქაცარავამ უარი თქვა პოლიციელთა მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაკვეთას ასრულებს მაშინ , როცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ტენტის გადაადგილებას მოითხოვს. ქაცარავამ პოლიციელებს განუცხადა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა

საოკუპაციო ძალებს დისკომფორტს უქმნის და ახალი ღობეების დამონტაჟებაში უშლის ხელს. პოლიციელებმა განუმარტეს დავით ქაცარავას, რომ ტენტის გადაადგილება მისივე უსაფრთხოების მიზნითაა საჭირო. დავით ქაცარავამ საბოლოოდ უარი თქვა ტენტის დაშლაზე და განაცხადა, რომ ყველას გაუწევს წინააღმდეგობას, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება.