მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტი-სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ- ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. ბაზერაშვილის განცხადებით გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ:

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი დავით ბერიშვილი ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. რეგიონული ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსის, ოთარ დიხამინჯიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, სამხედროს შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდა.

დავით ბერიშვილის ბრალდებებს უარყოფს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.