დღეს ქართული თეატრის დღეა

დღეს ქართული თეატრის დღეა. „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდა და გაიცა ორი ჯილდო – დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.

ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა “გაყრა”. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.