მცხეთაში საარჩევნო ბრძოლაში გიორგი გუგავა ჩაერთო

“ლეიბორსიტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა წარადგინა.

“ჩვენ ვიმყოფებით ქრისტეს კვართის ქალაქში, სვეტიცხოვლის, არსაკიძის ქალაქში, ლეგენდარულ ნოეს შთამომავალ მცხეთოსის ქალაქში, ქალაქში რომელსაც არაერთი დამპყრობელი დასხმია თავს და ყველა დამარცხებული და პირში ჩალაგამოვლებული გაქცეულა უკან. დღეს არანაკლები მტერი ემზადება მცხეთაზე თავდასასხმლად, ეს გახლავთ საყოველთაოდ ქურდი ჩოჩელი, რომელსაც უნდა მოიპაროს რაიონი და დაითრიოს პოლიტიკური მანდატი ამ საქართველოს სიამაყე წმინდა მიწისა. ანტიოლიგარქიული ბრძოლის ცენტრი მცხეთაში უნდა გადმოვიტანოთ. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ყველა მანდატის ქურდს, მცხეთელები არ ვიყიდებით ვერცხლზე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კომიტეტმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, მცხეთის რაიონში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა, რომელიც ოლიგარქების და ქურდების დაუძინებელი მტერია. ოლიგარქის მოშორება ქართული პოლიტიკა უნდა დაიწყოს მცხეთიდან”- განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება