სჯობს გაკოტრდეს ყველა ბანკი, ვიდრე თუნდაც ერთი წვრილშვილიანი ოჯახი დარჩეს უსახლკაროდ!

მას შემდეგ, რაც „პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელი, განათლების ყოფილი მინისტრისა და სისტემის წინააღმდეგ მიმართული აქციების ცნობილი ორგანიზატორი დავით ფერაძე პოლიტიკაში წავიდა, ისე აქტიურად აღარ ჩანს, არც მისი გადაწყვეტილების მიზეზია ბოლომდე გამჟღავნებული.  რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაბმა და  ტოვებს თუ არა განათლების სისტემას?

ამ და სხვა კითხვებით  დავით ფერაძეს დავუკავშირდით.

 -მიიღეთ გადაწყვეტილება პოლიტიკაში წასვლზე. რატომ?

მე ამას პოლიტიკაში წასვლას ვერ დავარქმევ, რადგან მე არ ვაპირებ საგანმანათლებლო სფეროს მოვწყდე. ჩემი გადაწყვეტილება არის მცდელობა – გავზარდო ბრძოლის ველი. თავიდან მქონდა კონტაქტი რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან. უფრო იმიტომ, რომ მაინტერესებდა მათი ხედვა, თვალსაწიერი. მაინტერესებდა რამდენად ახლოს არიან ისინი იმასთან, რასაც საჯაროდ ახმოვანებენ.  სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს საშუალოდაც არ აქვს გააზრებული ქვეყნის პრობლემა და მით უმეტეს, მათი მოგვარების გზები. ისინი სხედან და ფიქრობენ მხოლოდ პიარზე. მხოლოდ იმაზე, რა მოიტყუონ, რა დემაგოგიურ გზას დაადგნენ, რომ როგორმე ხალხის გული მოიგონ და რა იოლი გზით „წამოაგონ“ ისინი.  პირდაპირ ამ სიტყვებით ლაპარაკობენ ხოლმე. აიღებენ რამე თემას და მერე ბჭოებენ: არის კი ეს იმგვარი თემა რითაც ამომრჩეველს მოვატყუებთო. თუ რომელიმე სატყუარას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, მერე მას ტოვებენ ე.წ. წინასაარჩევნო პროგრამულ ნაწილად. ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოების ძირითადი პრობლემა, მაინც სოციალური სახისაა. ბევრმა არ იცის, ან ვინც იცის არც ის ლაპარაკობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობა თავად არის შედეგი და არა მიზეზი? რისი შედეგი?  უპირველესად. თავი და თავი მიზეზი არის გაუნათლებლობაში. საქართველოში განათლება მოკვდა და ეს რეალობაა. თუ არ ისწავლე განვითარების გზა, როგორ განვითარდები? როგორ უნდა ისწავლო? განათლების პოლიტიკა და მისი მიზანმიმართული დაფინანსებაა საჭირო და სწორედ ეს არ გვაქვს.  რამდენი წელია გავიძახი ამას! ამიტომაც ყველა სფეროში არის ჩავარდნა. არც ისეა საქმე, რომ განათლებულები არ გვყავდეს თითქოს, მაგრამ, მათ თითქმის არსად არ აჭაჭანებენ. არც პარტიებში, არც სახელმწიფო სტრუქტურებში. განათლებული და პატიოსანი ადამიანები ან ქვეყნიდან გაედინებიან, ან არადა იგნორირებულია მათი ინტელექტუალური რესურსი. ქვეყნის სიმძიმის ამ ფუნდამენტურ მიზეზზე არავინ საუბრობს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არაა არც პოპულარული და არც პოპულისტური, რომ, თითქოს ამომრჩეველი ამას ვერ გაიგებს, რომ მშიერი ამომრჩევლისთვის განათლებას სატყუარად ვერ გამოიყენებ. ამიტომ საარჩევნოდ გვპირდებიან ბრძოლას შედეგებთან და არა მიზეზებთან. ეს იგივეა, ფეხსაცმელმა რომ მოგიჭიროს და ტკივილგამაყუჩებელი დალიო. და განა ამომრჩეველი ამას მართლა ვერ ხვდება? ყველაფერს ხვდება და ამიტომაც არიან გულაცრუებულნი.

ცხადია, სოციალურ პრობლემას დროული მოგვარება უნდა,  ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრას ვერ დაელოდება ლუკმა-პურის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ადამიანი და ესეც რეალობაა. მაგრამ მაშინ რატომ ატყუებენ მათ, რატომ მანიპულირებენ მათი გაჭირვებით? უცხადესია, რომ ქულებს აგროვებენ. თუმცა ეს ოცწლიანი ფოკუსები ხალხმა გამოიცნო.

თქვენ რას იზამთ?

ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ხელისუფლება ხალხისაა,  ეს ყველაფერი ხალხთან ერთად უნდა გეკეთდეს. პარლამმენტარს რისი უფლებაც კანონით არ აქვს, იმას ვერავის ვერ შევპირდებით, ხოლო რისი უფლებაც აქვს, ის სწორედ ხალხმა უნდა აკონტროლოს. ჩვენში აქამდე მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს: მიაღწევდნენ თავისას პოლიტიკოსები, შეძვრებოდნენ პარლამენტში და ამომრჩეველს აიძულებდნენ ესმინათ მათი სიცრუეები, სისულეები, ეყურებინათ მათი ცემა-ტყეპისთვის და ამისთვის დაეფინანსებინა ისინი ამომრჩევლის ჯიბეებს. მე კი  მინდა თავად მოვუსმინო ხალხს. მე უნდა შევასრულო მათი დავალებები და დაკვეთები და ეს არის აუცილებელი. აუცილებელია, რომ თითოეულ ოჯახში თავად მივიდე პარლამენტარობის დროს. მუდმივი დიალოგი, მუდმივი კომუნიკაცია იქნება გამოსავალი. დანარჩენი, ყველა დაპირება, არის ტყუილი და ეს კარგად იცის  ამომრჩეველმა. ყალბები და ცრუპენტელბი ხალხმა უნდა გაისტუმროს პოლიტიკურ სანაგვეზე!

დამოუკიდებლად კენჭისყრა რატომ გადაწყვიტეთ?

როდესაც პოლიტიკურ ძალებთან ვერ ვნახე ხელჩასაჭიდი, საერთოდ აღარ მინდოდა პოლიტიკა. ვიფიქრე, არც აქამდე ვყოფილვარ აქტიურ პოლიტიკაში და არც ამის მერე ვიქნები მეთქი. დღის წესრიგში დადგა ქვეყნიდან წასვლასაც, მით უმეტეს, 2015 წლიდან, საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურად დევნილობაში მიწევს ცხოვრება. მეგობრებმა მირჩიეს დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაცია. იმის მიუხევად, რომ რეგისტრაციემდელი პროცესი ტექნიკურად ძალიან რთული იყო, მე და ჩემმა მეგობრებმა ეს ყველაფერი ცარიელი ხელებით გადავლახეთ. წინასაარჩევნო პერიოდიც ურთულესია. ისევ ცარიელი ხელები… ისევ ენთუზიაზმი… მაგრამ ხალხისთვის ბრძოლაში ფული არაფერს ნიშნავს. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მოგება მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულზეა დამოკიდებული, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.

მაგრამ, პოლიტიკაში ხომ ჩვეულებრივია ბინძური მეთოდებიც?

კი. ბინძური მეთოდები ყველა სფეროშია. მაგრამ მითი, რომ პოლიტიკაა ბინძური საქმე, თავად ბინძურმა ე.წ. პოლიტიკოსებმა დაამკვიდრეს პატიოსანი ადამიანების პოლიტიკაში შესვლის პრევენციისთვის, ანუ იმისთვის, რომ პატიოსნები და მცოდნეები პოლიტიკას არ გაეკარონ.

რატომ დიდუბის მე-15 ოლქი?

ამაზე ნაწილობრივ დავწერე ჩემ პირად გვერდზე. მე დიდუბეში ვმოღვაწეობდი წლების განმავლობაში. უშუალო, მეგობრული ურთიერთობები მაქვს ათასობით ყოფილ მოსწავლესა და მშობელთან. სწორედ დიდუბის მოსახლეობამ გამოიჩინა სურვილი, რომ კენჭი მეყარა. სწორედ მათ დამარეგისტრირეს. ამის გარდა. დიდუბე ძალიან კოლორიტული უბანია. ძალიან თბილი, განათლებული, ჭკკვიანი ხალხი ცხოვრობს. ჩემი პარლამანეტარობა ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში დიდუბე იქნება ხელისუფლებაში და დიდუბე იტყვის გადამწყვეტ სიტყვას პოლიტიკაში.

რომელი პოლიტიკურ ძალას შეიძლება ვენდოთ?

ვფიქრობ, არც ერთს. აბა, გადავხედოთ, ე.წ. შედარებით რეიტინგულებში რომელიმე თუ არის ისეთი, რომელიც ხელისუფლებაში არ იყო? ან,მაჟორიტარებიდან რამდენია ისეთი,  რომელთაც, რომელიმე საფეხურის პოლიტიკური ან საჯარო თანამდებობა არ ეჭირა? სახელისუფლებო გუნდმა უამრავი რეინკარნირებული პოლიტიკური ფიგურების ნდობაც კი  მოგვთხოვა. რა უნდა მათ ხელისუფლებაში? არსებული ნაძარცვი ქონების დაცულობა და ახლის ძარცვის შესაძლებლობა. აი, ეს უნდათ. და, ამომრჩეველი, რომელიც ამას ხედავს, შეიძლება მძარცველების ნდობა?

დიდუბეშიც არიან ასეთი კანდიდატები?

რა თქმა უნდა. მაგრამ, მათ ფინანსურ „მიღწევებზე“ საუბარი, სჯობს გადავდოთ.

თუმცა არიან ახალი სახეებიც…

როგორ ესმით „ახალი სახეები“-ს თემა პოლიტიკურ სპექტრში? თუ წინა არჩევნებში მავანი მაჟორიტარი მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს და ახლა სამგორში იყრის, ესაა ახალი სახე? ან დედაქალაქიდან რეგიონში თუ წავიდა რომელიმე კანდიდატი, ან ყოფილი თანამდებობის პირები, თანამდებობის დროს რომ გამდიდრედნენ, ახლა პარლამენტარობას უმიზნებს – ისაა ახალი სახე? მე ვფიქრობ,ძალიან ბევრ დამოუკიდებელ, სუფთა სინდისისა და წარსულის მქონე ადამიანებს უნდა ეყარათ კენჭი. მათგან უნდა დაკომპლექტებულიყო პარლამენტი. ეს იქნებოდა ახალი სახეც და სახალხო პარლამენტიც. თუმცა, მხოლოდ ერთი კაციც საკმარისს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაქსუებული ბობოლების, უმაქნისების, ხალხის ლეგალური მძარცველების ხროვა სააშკარაოზე გამოვიტანო და სწორედ ხალხთან ერთად გამოვუტანო მათ განაჩენი. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ისიც, რომ ვუშველო საბანკო სექტორის მიერ „კანონიერად“ ქონებადაკარგულ ადამიანებს. ეს პრობლემა ჩემი ერთ-ერთი ტკივილია. სჯობს გაკოტრდეს ყველა ბანკი, ვიდრე თუნდაც ერთი წვრილშვილიანი ოჯახი დარჩეს უსახლკაროდ!

კომენტარის დატოვება