იმოქმედებს თუ არა ქართულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე სამცხე–ჯავახეთში დადგმული ძეგლი ?!

რამდენიმე კვირის წინ, სამცხე-ჯავახეთში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური მონაწილის, მიხეილ ავაქიანის ძეგლი გაიხსნა.

20 იანვარს გამართულ მონუმენტის გახსნის ცერემონიას, რომელიც სოფელ ბუღაშენში 1990–იანი წლებიდან დგას და ამ ეტაპზე რესტავრაცია ჩაუტარდა, ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები; ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იური კუნანიანი და სხვა ოფიციალური პირები.

მიხეილ ავაქიანის ძეგლის გახსნას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა; ერთი ნაწილის განცხადებით, მიხეილ ავაქიანისთვის ძეგლის დადგმა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაივიწყა აზერბაიჯანის მხრიდან მისთვის გაწეული თანადგომა და დახმარება. ამასთან, ავაქიანის ძეგლის პომპეზურად გახსნა, სხვა არაფერია თუ არა სომხეთის მხრიდან „პროვოკაცია“ და ქართული მხარის უხერხულ ვითარებაში ჩაყენება.

ყველასთვის ნათელია, რომ აღნიშნული ძეგლის გახსნა აზერბაიჯანის მხარის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ოფიციალური ბაქო თბილისისადმი თავისებურ პროტესტს გამოხატავდა. ზოგადად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და ახალ ეტაპზე გადადის.

უახლესი ისტორიის ფურცლებს თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანში 20 იანვარი, 1990 წლის სისხლიანი მოვლენების გამო სრულიად სახალხო მწუხარების დღეა, რომლის შედეგადაც 134 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 700–ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ავაქიანის ძეგლის სწორედ ამ დღეს გახსნის ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ორი ქვეყნის – აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. ისინი მომხდარში პასუხისმგებლობას ახალქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის განცხადებით, საქართველოში სომხეთის მებრძოლისთვის ძეგლის გახსნის პარალელურად, უპრიანი იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიაობისთვის დაღუპული აზერბაიჯანელების ძეგლი დაიდგას გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, კასპში და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სხვა ადგილებში. აზერბაიჯანი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ერთ–ერთ პირველ ადგილზეა. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, სავაჭრო კავშირების გაღრმავება და ა.შ. ქვეყნები, ასევე რამდენიმე საერთაშორისო პროექტს ახორციელებენ, მათ შორის არის ენერგეტიკული პროექტები„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“და„ბაქო-თბილისი-ერზრუმი“, რკინიგზა „ბაქო-თბილისი-ყარსი“.