ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. “თიბისი ბანკის” ინფორმაციით, მას ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

ცნობილი ხდება, სებ-მა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელმოწერის უფლება შევუჩეროთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.