სამტრედიის ბაგა-ბაღებში საკვებად ცხენის ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით

ქეთევან ივანაშვილი

სამტრედიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომელი

-ტელევიზიების მიერ დღეს გაშუქებულ თემასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განმარტება, ინფორმაციის სწორად მოწოდება სამტრედიის ბაგა-ბაღებში საკვებად ცხენის ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან მოხდა დაგვიანებით და არა სრულად მოსახლეობის ინფორმირება მე, როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომელი, კერძოდ შესყიდვების კოორდინატორი და არა, გაერთიანების დირექტორი, როგორადაც მომიხსენიეს, თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სამტრედიის მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2018 წლის 11 ოქტომბრის # 17754/09-6 განხორციელდა ა(ა)იპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღების გეგმიური ინსპექტირება, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ შპს “ელენიკოს” მიერ წარმოდგენილი საქონლის ხორცის თანმხლებ ვეტერინარული ზედამხედველობის განხორვიელების დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა #2-855994 გაცემული 2018 წლის 15 ოქტომბერს) შევსებაში დაშვებულია უზუსტობა, რამაც გააჩინა გონივრული ეჭვი აღნიშნული პარტიის ხორცის არაკეთილსაიმედოობისა. რის გამოც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოსგან 2018 წლის 18 ოქტომბერს მივიღეთ წერილობითი მომოართვა შეგვეჩერებინა აღნიშნული პარტიის ხორცის გამოყებება ბავშვთა კვებაში.

“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” შესაბამისად 2018 წლის 19 ოქტომბრის #09-6/8657 წერილით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველომ მოგვმართა რათა მოგვეხდინა ზემოთ აღნიშნული საქონლის ხორცის გამოთხოვა, პარტიებად დასაწყობება და რაოდენობის აღრიცხვა.

ა(ა)იპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების #244 ბრძანების საფუძველზე მოხდა ბაგა-ბაღებიდან აღნიშნული ხორცის ამოღება და #4 ბაგა-ბაღში დასაწყობება.
2018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ნიმუშის აღების აქტებით მოხდა #4, #5 და დიდი ჯიდაიშის #1 ბაგა-ბაღებიდან ხორცის ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს მოხდა დასაწყობებული ხორცის დალუქვა ზედამხედველობის აქტი #03-33-ით.

2018 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილი #09/8879 გვატყობინებენ, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში გადაეცა შპს “ხარისხის ლაბორატორია-LLC Qualiti Lab”-ს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცის დნმ. წერილს თან ახლდა გამოცდის ოქმი სამივე ნიმუშზე.

არაკეთილსინდისიერი, არასაიმედო, არაჯეროვანი მომსახურების გამო, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შწყვეტილ იქნა 2018 წლის 26 იანვრის #15 ხელშეკრულება მუხლი 9. “ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა” საფუძველზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე შპს “ელენიკოს” დაეკისრა ჯარიმა 20545 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მივმართეთ შავი სიის წარმოების შესახებ შპს “ელენიკოს” მიმართ.
ა(ა)იპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ იმოქმედა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ სამმართველოსთან და ეს თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორებს, მათ მიმართ თუ უფრო მეტად გამკაცრდება კანონმდებლობა და მხოლოდ საჯარიმო სანქციებით არ შემოისაზღვრება მივესალმებით, რაზედაც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ.

ჩვენთვის მთავარი და უპირატესი ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, მათი უზრუნველყოფილი მომავალი.