ნიუ-იორკში, თეატრი სონეტი ქართულ სპექტაკლს უმასპინძლებს

19 თებერვალს ნიუ-იორკში, თეატრი სონეტი, პროდიუსერების კლუბი ქართულ სპექტაკლს უმასპინძლებს. „კირა“ (რეინკარნაცია) ასე ჰქვია პიესას, რომლის ავტორი და დამდგმელი იუნა შაფათავაა. მასთან ერთად პიესაში მონაწილეობს ქართველი მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ის თავისი ფილმის “ჰამლეტის” ჩვენებაზე ჩავიდა,რომლის რეჟისორიც და მტავარი როლის შემსრულებელიც თავად არის.

ჩვენ იუნა შაფათავას დავუკავშირდით.

-კირა (რეინკარნაცია) არის ჩემი მოთხრობა,რომელიც დავწერე 10 წლის წინ და უნდა დამედგა იანვარ-თებერვალში, მქონდა წარდგენა ამ თეატრთან. რადგან გიორგი ნიუ-იორკში ჩამოვიდა თავისი ფილმის “ჰამლეტის” ჩვენებაზე (რომლის რეჟისორია და სადაც თვითონ ჰამლეტს თამაშობს),ასევე ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმეს” ჩვენებაზე, სადაც ითამაშა,გადავწყვიტე, ჩემს სპექტაკლში გიორგი ყოფილიყო ჩემი პარტნიორი. როგორც იცით, გიორგიმ “წამიყვანა” კინოში და მგონი, ბუნებრივი და სამართლიანია,ჩემი პირველი დადგმის სიხარული მასთან “გავიყო”.

თეატრი “სონეტი” პროდიუსერების კლუბში ცნობილი ადგილია მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და პროდიუსერებისთვის, მსახიობების აგენტებისთვის. ის თაიმს სქვერიდან ორ ბლოკშია განლაგებული და გარშემორტყმულია ბროდვეის თეატრებით. მსახიობებისთვის,არტისტებისთვის სანიშნი ლოკაციაა. ძალიან მახსენებს თბილისურ “თეატრალურ სარდაფს”, ალბათ იმიტომ მომწონს ასე.

იმედია გიორგისაც მოეწონება ამ სცენაზე ჩემთან მუშაობა.

აღსანიშნავია,რომ ეს “კირას” პირველი დადგმაა და თავისუფლები ვართ დადგმის ვარიაცია-ინტერპრეტაციებში, მასალა ჩვენს ხელშია, რაც მსახიობის თვითგამოხატვისთვის ძალიან საინტერესოა. ნიუ-იორკში ხომ თვითგამოხატვის თავისუფლება წმიდათაწმიდაა და კრეატიულობით ფასობს შემოქმედება.

ჩემთვის დიდი კომფორტია გიორგისთან ერთად მუშაობა, ჩვენ ბევრჯერ გვიმუშავია ერთად და ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. იმედია მისთვისაც სანტერესო იქნება ჩვენი თანამშრომლობა ამჯერად ჩემს დაწერილ მასალაზე და დადგმაზე.

გვაქვს სექტაკლის პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა,ნებისმიერ შემთხვევაში ვიდეო ჩანაწერს გავაკეათებთ და განვათავსებთ ინტერნეტში,მაყურებლის და პროფესიონალების შეფასებისთვის.

იმედია მოგეწონებათ, ჩვენ შევეცდებით, ადგილი განლაგება იდეალურია და მოტივაცია კი გადასარევი გვაქვს
სიუჟეტი არის მისტიკური დრამა, უსასრულო სიყვარულზე, მუდმივ ფასეულობებზე.

წარმოდგენა გაიმართება სამშაბათს, 19 თებერვალს, საღამოს 8 საათზე.
თეატრი “სონეტი”, პროდიუსერების კლუბი
348, W44 Street, New York, 10036
212-315-4743
ბილეთები იყიდება ადგილზე.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მსახიობებს და პრემიერის შესახებაც მოვუყვებით მკითხველს.