„საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიანაც კარგია თუ არ შენარჩუნდება”

მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, მანამდე კი ლევან გოგიჩაიშვილი.

“ქართულ ოცნებაში” 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა პრობლემას არ წარმოადგენს.

მათი განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო აღარც არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შეტანილია.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიანაც კარგია თუ არ შენარჩუნდება. კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ და სულაც არ ვართ ჩვენ კონსერვატორები მომხრე, რომ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. ყველა მივეჩვევით, რომ ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.