კვიციანი ახალი წინადადებებით გამოდის

ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის დამფუძნებელი, ემზარ კვიციანი, ახალი წინადადებებით გამოდის.

კვიციანის თქმით, ცენტრი პირველ ეტაპზე იმ წყვილებს დაეხმარება, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონში სურთ ცხოვრება. მათი დახმარება კი პირველადი მოხმარების საგნებით მოხდება.

კვიციანი საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის და ითხოვს, შემცირდეს ვადები, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლის სტატუსის მისაღებადაა საჭირო.

კვიციანის აზრით, თუ ადამიანი მთაში ერთი თვე მაინც იცხოვრებს, მან უნდა ისარგებლოს საგადასახადო და სხვა შეღავათებით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ პერიოდად 9 თვეა განსაზღვრული.

„ახალი დაქორწინებული წყვილი, რომლებსაც უნდათ, რომ წავიდნენ მთაში, მამაპაპისეულ ოჯახში დაფუძნდნენ ისევ, გააღვივონ ცხოვრება, 9 თვე უნდა იყვნენ იქ ისე, რომ არანაირი დახმარება სახელმწიფოსგან არ მიიღონ. ეს უნდა შემცირდეს ერთ თვემდე, ერთი თვე რომ იცხოვრებენ იქ, რეგისტრირებულები იქნებიან იმ სოფელში და ერთი თვის მერე დაიწყება მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.