სამშობლოს მოწყვეტილი ფესვები – რა სტკივათ ფერეიდნელებს…

ფიქრია წიკლაური

უკვე  ოთხი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ირანის შაჰმა 200 ათასი ქართველი საქართველოს მიწას მოწყვიტა და ირანის გზას გაუყენა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში 18-მა ოჯახმა ისურვა დაბრუნება. ისინი ვაზისუბანში, ახაშენში, ჭანდასა და  საგარეჯოში დაასახლეს.

6 მცირეწლოვანის მამამ, ფერეიდნელმა მამუკა ფანიაშვილმა როდესაც შეუტყო, რომ თავის მშობლიურ ქვეყანაში შეეძლო  ჩამოსვლა და დასახლება,  თეირანში საელჩოს არაერთხელ მიმართა წერილობითი თხოვნით. რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ დიდი ხნის ოცნება რეალურად ექცა და საქართველოში გამომგზავრების ნებართვა მიიღო.

ჩვენი რესპოდენტი რევაზ ფანიაშვილი იხსენებს მამამისის მაშინდელ ემოციებს:

„მაშინ პატარა ვიყავი, ასე, 9 წლის. მახსოვს მამაჩემი როგორი გახარებული მოვიდა სახლში და თვალებზე ცრემლებმომდგარმა გვითხრა, ჩვენს სამშობლოში მივდივართო. იმ საღამოსვე დავიწყეთ ბარგის ჩალაგება, მამაჩემმა არათუ მეზობლებს, ნათესავებსაც არავის უთხრა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩუმად წამოვედით, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაებრკოლებინა და გადაეფიქრებინა.  მეტყვიან, იქ რა უნდა გააკეთო ამხელა ოჯახით, როგორ უნდა ირჩინოთ თავიო.

რვასულიანი ოჯახი თეირანიდან მატარებელს გამოყვა. იმდენად დიდი იყო სამშობლოში დაბრუნების მოლოდინი, რომ თბილისის მაგივრად ერევნის სადგურზე ჩამოვიდნენ.  პრობლემა მალევე მოგვარდა საქართველოს საელჩოს დახმარებით და თბილისში მეორე დღესვე გამოემგზავრნენ.

„სომხეთიდან თბილისში სპეციალუარდ ავტობუსით ჩამოგვიყვანეს. ფილარმონიასთან დახვედრა მოგვიწყეს და ღონისძიებები გაიმართა.

თავიდან ახაშენში, შემდეგ კი საგარეჯოში დავსახლდით.  იქ სახლი და მიწის ნაკვეთი დაგვახვედრა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ. მამაჩემს უყვარდა მიწასთან მუშაობა და ისე ძალიან მოეწონა გარემო, თქვა აქედან არსად წამსვლელი არ ვარო. დედაჩემმა საკონსერვო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ირანიდანაც  რაც საჭირო იყო ოჯახისთვის, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი წამოიღეს. ასევე ჰქონდათ გარკვეული თანხაც და მამაჩემმა ვაზისუბანში, კორპუსში ბინაც შეიძინა.

90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს სახლში შეირაღებული პირები შემოგვიცვივდნენ, დაგვარბიეს და ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ, რაც ძვირფასი ნივთები გვქონდა, იქედან ჩამოტანილი თუ აქ შეძენილი და ასევე თანხა გაიტაცეს”- იხსენებს რეზო ფანიაშვილი.

ამ ფაქტმა ოჯახზე ისე ძალიან იმოქმედა, რომ საქართველოში ყველაფრის მიტოვება და ისევ ირანში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ აქ თითქმის ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ ირანში ყოფნა ძალიან გაუჭირდათ. 2007 წელს რეზომ გაყიდა ფერეიდანში თავისი ორსართულიანი სახლი და თავის მეუღლესთან, იქაურ ქართველ ქალბატონთან, მანანა ხატიაშვილთან და ქალ-ვაჟთან ერთად ისევ საქართველოში, თბილისში დაბრუნდა. მისი მშობლები და და-ძმაც ეტაპობრივად ჩამოვიდნენ.

მანანა ხატიაშვილი:  “ფერეიდანში, ქართველების დასახლება – ვაშლიჯვარში გავიზარდე. ოჯახში 7 და-ძმა ვიყავით. ჩემი მშობლები მუდამ საქართველოზე გველაპარაკებოდნენ. რადგან ჩვენი გვარი სიტყვა “ხატი-დან” მოდის, ჩემს წინაპრებს სამი საუკუნე შეუნარჩუნებიათ ქრისტიანობა, მაგრამ მერე მაინც ძალდატანებით გაუმუსულმანებიათ.  დედაჩემი პურს რომ აცხობდა ცომს ზევიდან ყოველთვის ჯვარს უკეთებდა. როდესაც ვეკითხებოდი ამის მიზეზს, ეს ჩვენი წინაპრების ტრადიციაა და ჩვენს ოჯახს იფარავს ეს ჯვარიო – მპასუხობდა.”

ამჟამად რეზო ფანიაშვილის ოჯახი, მეუღლე და ქალ-ვაჟი, ყველა მართლმადიდებელია. ოჯახში აქვთ სამლოცველო კუთხე და ცხოვრობენ ქრისტიანული ცხოვრების ყველა წესის დაცვით.

რეზო ფანიაშვილი:  “ჩვენ აქ გავქრისტიანდით. მამაჩემი ოჯახში ღმერთს ყოველთვის ახსენებდა, დედა კი წმინდა მარიამის სახელზე ლოცულობდა.  ღვინო მუდამ გვქონდა და სუფრაზე ილოცებოდნენ. ფერეიდანში მუსულმანური ტრადიციებით არ ინათლებიან. ირანში როდესაც ისლამისტური რევოლუცია მოხდა, მას შემდეგ აიძულებენ ხალხს მეჩეთში ილოცონ.  90 წლის ბიძაჩემი ცხოვრებაში მაგათ სალოცავში არ იყო შესული, დააბეზღეს და დაიჭირეს იმის გამო რომ მუსლიმებთან არ ლოცულობდა . იქ ყველა ჩვენიანს გულში ყოველთვის ყავთ ქრისტე.”

“წინაპრებისგან გადმოცემით ვიცით, რომ თავიდან ქართველები ქრისტიანობას სიცოცხლის ფასად იცავდნენ.  ქალები, იმის გამო რომ ირანელს ცოლად არ გაყოლოდნენ, ციხის გალავანზე ადიოდნენ და იქედან ხტებოდნენ. იმ ადგილას ქართველებს სალოცავიც გაუკეთებიათ, სადაც მუსლიმებისგან მალულად სანთლებს ანთებდნენ და მათ სულებზე ლოცულობდნენ. დღესაც არის ის ადგილები შემორჩენილი ფერეიდანში.”-ამბობს მანანა.

ირანში დღეისათვის ქართველთა რიცხვი თითქმის ათჯერ შემცირდა. ამის მიზეზად ფერეიდნიდან ქვეყნის დედაქალაქსა თუ სხვა ადგილებში გადასახლებას ასახელებენ.

რეზო ფანიაშვილი: “როდესაც ქართველები ირანის სხვადასხვა კუთხეებში გაიბნენ, მოხდა  სხვა რჯულის ადამიანებთან მათი სისხლის აღრევა, მამაკაცებმა ირანელი ან რომელიმე ერის წარმომადგენელი მოიყვანეს ცოლად, ქალებიც ასევე უცხოელებზე დაქორწინდნენ და ასე დაიკარგა ქართული ჯიში. შემდეგ მოხდა ისე, რომ ისინი, ვინც დარჩნენ ფერეიდანში გადაწყვიტეს ერის გამრავლების მიზნით ნათესავები ერთმანეთზე დაექორწინებინათ, მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღეს და სისხლის აღრევით არაერთი ავადმყოფი და ინვალიდი ბავშვი გაჩნდა. ახლა ასეთი შემთხვევები ძალიან ნაკლებად ხდება.”

ტრადიციებზე:

“უფროსისადმი პატივისცემა აუცილებელია ჩვენს ხალხში. მამაკაცები, რომლებსაც უკვე დასაქორწინებელი შვილები ყავთ, მშობლის სიტყვას დიდ პატივს სცემენ. ასევე მშობელთან ან უფროსი ასაკის ნათესავთან მისალმებისას და დამშვიდობებისას ხელზე ამბორი აუცილებელია. როდესაც ვაჟი ქორწინდება, მას შეუძლია მაქსიმუმ ერთი კვირით იცხოვროს მშობლებთან, მაგრამ შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეს ცალკე. ამით ურთიერთობას და პატივისცემას ინარჩუნებს მშობელიც და შვილიც. უფრო მეტი სითბოა მათ შორის. ჩვენში დიდ სირცხვილად ითვლება სრულწლოვანი შვილი რომ მამის სახლში იჯდეს და მშობელი ინახავდეს. რაც სკოლა დაამთავარ, ჩემი შვილი ყოველთვის თვითონ მუშაობს და საკუთარ თავს არჩენს. მოსწავლეობის დროსაც მუშაობდა თარჯიმნად და თავისი ფინანსები ჰქონდა”.

ირანელების და ქართველების ურთიერთობაზე:

“ირანელები კარგად ექცევიან ქართველებს, მაგრამ თვითონ ფერეიდანში არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ქართველი კარგ თანამდებობაზე დაინიშნოს. ასევე სკოლებში,  ირანელი პედაგოგები თეირანიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოყავთ, რომ ქართველ ბავშვებს სპარსული ასწავლონ. ქართველებმა 16-17 -მა თაობამ ჩვენი ენა მხოლოდ წინაპრებისგან გადმოცემით,  ერთმანეთისგან ვისწავლეთ.

როდესაც ამიერკავკასიიდან ქართველები და სომხები გადაასახლეს ირანში, ისინი არჩევანის წინაშე დააყენეს, უნდა აერჩიათ სარწმუნოება ან ენა. სომხებმა სარწმუნოება აირჩიეს, თუმცა სახლში მალულად საკუთარი ენაც შეინარჩუნეს. ქართველებმა კი სარწმუნოება დათმეს ენის სანაცვლოდ. ახლა სომხებს სკოლაც აქვთ,  საკუთარი ენაც და რელიგიაც. ქართველებთან შედარებით ფინანსურად შეძლებულადაც ცხოვრობენ.”

ფანიაშვილების ოჯახი საქართველოს საოცნებო ქვეყანად მოიაზრებენ და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრება ვერც წარმოუდგენიათ, თუმცა არის ისეთი საკითხები, რაც გულს წყვეტთ და კომპეტენტურ პირებს გამოსწორებას სთხოვენ:

მანანა ხატიაშვილი: “საქართველოზე პატარაობიდანვე გვიყვებოდნენ და აქ ჩამოსვლამდე ძალიან მიყვარდა. ჩემმა მეუღლემ როდესაც შემომთავაზა აქეთ წამოსვლა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, ჩემს და-ძმებთან, მამასთან და ნათესავებთან ათასი კილომეტრი მაშორებს, ერთხელაც არ მინანია აქ ჩამოსახლება, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება ჩემს ზღაპრულ სამშობლოში ვიცხოვრო, თუმცა ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ მომწონს და გულს მწყვეტს.”

რეზო ფანიაშვილი: “პირველი და მთავარი ჩვენთვის სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ყველა უცხოელს დღეს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ტურისტული კომპანია აქვს. როცა ამდენი ტურისტი შემოდის და უმეტესობას თავისი ქვეყნის წარმომადგენელი უწევს მეგზურობას, ხედავს სახელმწიფო რამე სარგებელს ამ სიტუაციაში? ირანელებს საკუთარი გიდები ყავთ და თავის სასარგებლოდ, დამახინჯებულად უყვებიან საქართველოს ისტორიას. მე და ჩემი ვაჟი არაერთხელ შევსწრებივართ, მცდარი ფაქტებით როგორ არწმუნებენ ექსკურსიამძღოლები თანამემამულეებს, რომ თბილისი და საქართველო ირანის კუთვნილება იყო. ამაზე ჩვენი რეაქცია ძალიან მძაფრია ხოლმე და ბევრჯერ გვიჩხუბია ასეთ უვიცებთან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო არ კრძალავს მსგავს ქმედებებს და მათი საქმიანობის გამკონტროლებელი არავინ არის, ერთეულები ვერაფერს გავხდებით ჩვენი პროტესტით.

ასევე ძალიან ბევრი ირანელი ყიდულობს ბინას და ადგილობრივს  კი არ არემონტებინებს, ჩამოყავთ თავისი ქვეყნიდან ჯგუფები და მათ ასაქმებენ. შრომის კოდექსია დასახვეწი და მოსაწესრიგებელი საქართველოში. კარგი იქნება, თუ ყველა სფეროში ჯერ ქართველი უმუშევარი დასაქმდება და თუ კადრები არ ეყოფათ, მხოლოდ შემდეგ შემოიყვანენ უცხოელებს.  ქართველები ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოვირჩეოდით და შაჰ-აბასმაც ჩვენი წინაპრები მხოლოდ  მეომარი  ნიჭის გამო კი არ გადაასახლა ირანში, მისი მიზანი ქართველების ხარჯზე სპარსეთში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაც იყო. ხრიოკ, მიუვალ, მთიან ადგილებში ჩაასახლეს ქართველები და იქაურობა ცოტა ხანში წალკოტად აქციეს. დღეს რა გვჭირს, რომ ჩვენს ნიჭს აღარავინ აფასებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყველა სფეროში  ჩვენზე წინ აყენებს ჩვენი მთავრობა?  ირანელი საკუთარს არასდროს გაწირავს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისაზე წინ არ გაუშვებს.”