თავდასხმა მოალაქეზე – პარკის ტერიტორია ქუჩური გარჩევების ბირჟად გადაიქცა!

დავით ცხვარაძე

პოლიციის უუნარობა თუ უბრალოდ უყურადღებობა? ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში _ (ყოფილ პიონერთა პარკში) ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ, შემთხვევა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი არ დაშავებულა და ვერც ვერაფრის წართმევა მოახერხეს, მან მოძალადეებს წინააღმდეგობა გაუწია.

როგორც დაზარალებული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ფაქტი პარკის ბოლოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია არ გადაადგილდება და ყოველდღიურად პარკის ტერიტორია ქუჩური გარჩევების ბირჟად გადაიქცა- ამას იქ მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ.

-„მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ფეხით გადავაადგილდებოდი, რა დროსაც შევატყვე, რომ ვიღაცები ამედევნენ, გამაჩერეს და სიგარეტი მთხოვეს, არ ვეწევი და ვერ მივაწოდე, უარი ვუთხარი, გავაგრძელე ჩემი გზა და ისინიც წავიდნენ, თუმცა სტადიონს როგორც კი გამოვცდი, ზურგიდან დამეტაკნენ და ცემა დამიწყეს, ისინი ნასვამები იყვნენ. მე ვერაფერი წამართვეს, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, ეს ტერიტორია უყურადღებოდ არის მიტოვებული პატრული არასდროს შემოიხედავს,  ამიტომაც არის, რომ საღამო საათებში ამ ტერიტორიაზე მუდამ  ჩხუბი და საქმის გარჩევა ხდება. პოლიციას საერთოდ არ აინტერესებს  ახალგაზრდები და არავინ აკონტროლებს, პარკის უკანა მხარეს.ხომ შეიძლება პატრულირება მოხდეს, მაგრამ არა!“ – აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი.

ცნობისთვის, დაზარალებულმა პოლიციის დამოძახება არ ისურვა.

კომენტარის დატოვება